ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი

აშშ-ს საელჩო: არ ვცნობთ ოკუპირებულ ცხინვალში გამართულ ე.წ საპრეზიდენტო არჩევნებს

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებით, აშშ არ ცნობს 10 აპრილს ოკუპირებულ ცხინვალში გამართულ ე.წ საპრეზიდენტო არჩევნებსა და მის შედეგებს. 

"ჩვენი პოზიცია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით ცალსახაა: ეს რეგიონები საქართველოს განუყოფელი ნაწილია. ამას ვერ შეცვლის ვერც „არჩევნები" და ვერც აპრიორი უკანონო „რეფერენდუმი", რომელიც სამხრეთ ოსეთს რუსეთის შემადგენლობაში შესვლისკენ მოუწოდებს". - ნათქვამია განცხადებაში. 

აშშ-ის საელჩოს განცხადებით, საერთაშორისო მოვლენებისა და რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ფუნდამენტური ღირებულებების, ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა. 

აშშ-ის საელჩო რუსეთს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტისა და საქართველო-რუსეთის 2008 წლის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებს. მათ შორის, საქართველო ოკუპირებული რეგიონების "დამოუკიდებლობის" გაუქმებისა და ჰუმანიტარული დერეფნებისთვის უსაფრთხო პირობების შექმნისკენ.

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

ე.წ. პრეზიდენტობისთვის 5 კანდიდატი იბრძვის. მათ შორისაა ამჟამინდელი დე ფაქტო ლიდერი, ანატოლი ბიბილოვი. ასევე, პარტია ნიხასის ლიდერი, დიმიტრი ტასოევი, ე.წ. პარლამენტის ვიცესპიკერი, ალექსანდრე პლიევი და ე.წ. დეპუტატი, გარი მულდაროვი. 

ოკუპურებულ რეგიონში 32 000 ადამიანია რეგისტრირებული. ე.წ. საარჩევნო უბნები გახსნილია მოსკოვსა და ოკუპირებულ სოხუმშიც. 

კომენტარები