რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინაში ლიტვის ელჩი სამუშაოდ კიევში დაბრუნდა

მას შემდეგ, რაც რუსმა სამხედროებმა კიევის ოლქი დატოვეს, ლიტვის ელჩი უკრაინაში, ვალდემარას სარაპინასი კიევში დაბრუნდა. 

"საელჩოს კარი ახლახან შევაღე. უკრაინელებისთვის პოლიტიკური და მორალური მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია". - ამბობს სარაპინასი.

სარაპინასმა კიევი მას შემდეგ დატოვა, რაც ომის დაწყების შემდეგ რუსი სამხედროები კიევთან ახლოს გამოჩნდნენ. 

ლიტვის გარდა, კიევში სამუშაოდ თურქეთისა და სლოვენიის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც დაბრუნდნენ. 7 აპრილს გავრცელებულ მიმართვაში, მათ უკრაინის პრეზიდენტმა, ზელენსკიმ მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და კიევში დაბრუნების გადაწყვეტილება სიმამაცედ შეაფასა.

"მინდა მივმართო იმ ქვეყნის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, რომლებიც სამუშაოდ კიევში დაბრუნდნენ. მათ შორის არის თურქეთის, ლიტვისა და სლოვენიის საელჩოები. მადლიერი ვარ უკრაინის მეგობრების, ვინც მხარს გვიჭერენ სწორედ მაშინ, როდესაც ეს ყველაზე მეტად გვჭირდება. მათი მხრიდან ეს სიმამაცეა. მოუთმენლად ველოდები როდის მომეცემა შანსი, რომ შევხვდე ყველას, ვინც ჩვენ გვერდით დგას. ამ საელჩოების კიევში დაბრუნება და მუშაობის გაგრძელება აგრესორისთვის მკაფიო სიგნალია, რომ კიევი სწორედ უკრაინის დედაქალაქია". - თქვა ზელენსკიმ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები