რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

სტოლტენბერგი: ყირიმთან სახმელეთო საზღვრის შესაქმნელად, რუსეთი დონბასზე იერიშს გეგმავს

NATO

NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, სავარაუდოა, რომ რუსეთი მომდევნო კვირებში დონბასის აღებას შეეცდება, რათა შექმნას სახმელეთო საზღვარი ოკუპირებულ ყირიმთან. 

"მომდევნო კვირებში მოსალოდნელია, რომ რუსეთი იერიშს აღმოსავლეთ და სამხრეთ უკრაინაში განახორციელებს, რათა აიღოს მთელი დონბასი და შექმნას სახმელეთო საზღვარი ყირიმთან". - თქვა სტოლტენბერგმა.

სტოლტენბერგის განმარტებით, რუსული ჯარების გადაჯგუფება ხდება. მათი კიევიდან მოძრაობა დაკავშირებულია იმასთან, რომ ახლა რუსეთის ფოკუსი აღმოსავლეთისკენაა მიმართული. 

"ახლა ვხედავთ რუსული ჯარების მნიშვნელოვან მოძრაობას კიევიდან - მათ გადაჯგუფებას, ხელახალ შეაიარაღებასა და მომარაგებას. მათი ფოკუსი აღმოსავლეთისკენაა მიმართული". - აღნიშნა NATO-ს გენერალურმა მდივანმა. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები