სპეციალური საგამოძიებო სამსახური

საგამოძიებო: პენიტენციურის თანამშრომელმა შოთა თუთბერიძეს საქმე გაურჩია, ხელ-ფეხი მოუქნია 

კადრი ვიდეოდან / მთავარი არხი

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიების შედეგად დანაშაულში ამხილეს პენიტენციური დეპარტამენტის თანამშრომელი, რომელმაც სამსახურებრივი უფლებამოსილება გადაამეტა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატ შოთა თუთბერიძის მიმართ.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის 2 მარტს №16 პენიტენციური დაწესებულებაში მეტალო დეტექტორით შემოწმებისას პენიტენციური დეპარტამენტის თანამშრომელსა და ადვოკატ შოთა თუთბერიძეს შორის მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება. ამის შემდეგ ბრალდებულმა სამეთვალყურეო ვიდეო კამერებისგან გარიდების მიზნით ადვოკატი მოსასვენებელ ოთახში შეიყვანა და საქმის გარჩევა დაუწყო. ოთახიდან გამოსვლისას პენიტენციური დეპარტამენტის თანამშრომელმა გადაამეტა სამსახურებრივ უფლებამოსილებას და ფიზიკური ანგარიშსწორების მიზნით გაემართა შოთა თუთბერიძის მიმართულებით, მოუქნია ხელი და ფეხი, რა დროსაც იგი შეაკავეს დაწესებულების სხვა თანამშრომლებმა.

"ბრალდებულის უკანონო ქმედების შედეგად, შეილახა დაზარალებულ შოთა თუთბერიძის უფლებები, დაირღვა წესრიგი და შეფერხდა №16 პენიტენციური დაწესებულების ნორმალური ფუნქციონირება". – ნათქვამია განცხადებაში.

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, საქართველოს პროკურატურის მიერ პენიტენციური დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლის მიმართ გამოტანილია დადგენილება მისი ბრალდების შესახებ, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით.

კომენტარები