საქართველოს ეკონომიკა

ეროვნული ბანკი: 2022 წელს ეკონომიკური ზრდის ტემპი 3-4%-ის ფარგლებში იქნება

საიმონ დოუსონი / Bloomberg

"წინა პროგნოზებით, 2022 წელს 5%-იანი ზრდა იყო მოსალოდნელი, თუმცა, დღევანდელი გადმოსახედიდან, ზრდის ტემპი 3-4%-ის ფარგლებში იქნება" - ამის შესახებ ეროვნული ბანკის განცხადებაში წერია, რომელიც მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ გამოქვეყნდა. სხდომაზე სებ-მა რეფინანსირების განაკვეთი კიდევ 0.5%-ით, რეკორდულ 11%-მდე გაზარდა. ეროვნული ბანკი აღნიშნავს, რომ მიმდინარე მოვლენების ფონზე, პროგნოზების გაურკვევლობის მასშტაბი განსაკუთრებით გაზრდილია. სებ-ის განმარტებით, მონეტარული პოლიტიკა "გამკაცრებისკენ მიდრეკილი" დარჩება მანამ, სანამ ინფლაციურ მოლოდინებზე ზრდის მიმართულებით არსებული რისკები საკმარისად არ შერბილდება.

"რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამ და საომარმა მოქმედებებმა, ჯერ კიდევ პოსტპანდემიური აღდგენის პროცესში მყოფი მსოფლიო ეკონომიკა ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა. ახალი შოკის ფონზე გამძაფრებულმა ინფლაციურმა რისკებმა უკვე გაზრდილი ინფლაციის შემცირების პროგნოზირებული ტემპები გლობალური მასშტაბით შეანელა. საქართველოში თებერვალში წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა 13.7 პროცენტი შეადგინა. მარტიდან ინფლაციის შემცირებაა მოსალოდნელი, რაც, ძირითადად, კომუნალური გადასახადების სუბსიდირების საბაზო ეფექტის მილევას უკავშირდება. თუმცა, რომ არა ზემოხსენებული ახალი შოკი, ეს შემცირება გაცილებით სწრაფი იქნებოდა. საყურადღებოა, რომ, საომარი მოქმედებების გამო რუსეთის მიმართ დაწესებულმა სანქციებმა და მიწოდების შეზღუდვებმა, მსოფლიო ბაზრებზე საქონლის გარკვეული კატეგორიების ფასები მნიშვნელოვნად გაზარდა. უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია ნავთობის გაძვირების ფონზე, საწვავის ფასების მკვეთრი მატება, რომელსაც, მოსალოდნელია, რომ ინფლაციის მაჩვენებელზე საგრძნობი გავლენა ექნება. ეს ფაქტი, უკვე ხანგრძლივად მაღალი ინფლაციის ფონზე, შესაძლებელია, ინფლაციის მოლოდინების ზრდაში აისახოს. გარდა ამისა, საგარეო შემოდინებების შემცირების რისკების ზრდის ფონზე, სავალუტო ბაზრებზე მერყეობა მომატებულია, რაც ინფლაციური მოლოდინების კუთხით დამატებით რისკებს შეიცავს. ამ ეტაპზე არსებული პროგნოზით მოსალოდნელია, რომ, სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაცია მარტიდან შემცირდება, თუმცა წლის განმავლობაში მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღლა შენარჩუნდება" - ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

2021 წელი ქვეყანამ მშპ-ს 10.4%-იანი ზრდით დაასრულა. აღსანიშნავია, რომ ორნიშნა ეკონომიკური ზრდის განმაპირობებელი ერთ-ერთი მთავარი მიზეზი საბაზისო ეფექტი, ანუ 2020 წელს დაფიქსირებული 6.8%-იანი შემცირებაა, რადგან მშპ-ს ზრდის მაჩვენებელი გასული წლის მონაცემებთან შედარებით გამოითვლება. 

2021 წლის ბოლოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებდა, რომ "2022 წელს დაგეგმილი გვაქვს 6%-იანი ეკონომიკურ ზრდა. ქვეყნის ეკონომიკის მოცულობა მომავალ წელს იქნება 65 მილიარდი ლარი, რაც იმას ნიშნავს, რომ მშპ ერთ სულ მოსახლეზე 5 500 დოლარს გადააჭარბებს, რაც ისტორიული მაქსიმუმი იქნება".

კომენტარები