საქართველო-უკრაინა

მდინარაძე: ომის პარტიის დასალაგებელი არაა, ზელენსკი წარსდგება თუ არა პარლამენტის წინაშე

დარწმუნებული ვარ, რომ ლომის წილი ამაში მათ ჰქონდათ, თუ მთლიანად მათი შემოქმედება არ არის, რომ მათი გამოისობით, ჩვენმა მეგობარმა ქვეყანამ გაიწვია ელჩი. დღეს უკრაინას საქართველოდან ელჩი ჰყავს გაწვეული და ისინი ახლა შუამდგომლობას აყენებენ ჩვენს წინაშე, რომ ამ ქვეყნის ხელმძღვანელი ჩაგვერთოს. ჯერ მათ უნდა იფიქრონ, როგორ გამოასწორონ მათი ნაბოროტალი საქმე და ამის შემდეგ დავფიქრდებით მათ დაყენებულ ამ და სხვა ნებისმიერ ინიციატივაზე.

ასეთი საკითხები არ გვარდება ოპოზიციასა და რომელიმე ქვეყნის ხელისუფლებას შორის. ასეთი საკითხები გვარდება და ლაგდება, თანხმდება ორი ქვეყნის ხელისუფლებას შორის. ამიტომ ომის და ღალატის პარტიის დასალაგებელი არ არის ჩვენი მეგობარი ქვეყნის ლიდერი წარდგება თუ არა საქართველოს პარლამენტის წინაშე. ამას, საჭიროების შემთხვევაში, დააინიცირებს ან საქართველო და მისი ხელისუფლება, ან უკრაინა და მისი ხელისუფლება და ვისაუბრებთ ამ თემაზე.  ხატია დეკანოიძის დასალაგებელი და შესათანხმებელი ეს თემა არ არის. მით უმეტეს, იმ ადამიანის, რომელიც გამოდის უკრაინული ტელევიზიის ეთერში და ამბობს, რომ საქართველო არის ის ქვეყანა, რომლის ხელისუფლება შავ ხვრელებს ეძებს, რომ პუტინს დაეხმაროს მკვლელობებში. ამ ღალატის ავტორის დასალაგებელი არ არის ორ ხელისუფლებას შორის საკითხები. მით უმეტეს, ნებისმიერი საკითხი, რასაც ისინი დააყენებენ, რაც არ უნდა კეთილშობილურ იდეად და მიზნად გვესახებოდეს, თითოეულ ჩვენგანს, უნდა გავატაროთ ეჭვის უსერიოზულეს ფილტრში, პარალელურად რას გეგმავენ, რა პროვოკაციას გეგმავენ და რისთვის ჭირდებათ ეს ერთი შეხედვით კარგი რამ, შეიძლება, კონკრეტულ შემთხვევებში.

ასე გამოეხმაურა ფრაქცია ქართული ოცნების ლიდერი მამუკა მდინარაძესა ინიციატივას, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი სიტყვით საქართველოს პარლამენტის წინაშეც გამოვიდეს.

კომენტარები