ლარის გაუფასურება

ვიცეპრემიერი: ჩვენი ეკონომიკური გუნდი დარაზმულია უფრო გრძელვადიან პროგნოზებზეც

დავითაშვილი

"ჯერჯერობით, ჩვენი ეკონომიკის ყველა მაჩვენებელი არის ძალიან ჯანსაღი და მყარი" - ამის შესახებ ვიცეპრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა თქვა. მან TV იმედის ეთერში ლარის კურსის მკვეთრ გაუფასურებაზე საუბრისას აღნიშნა, რომ "საკმაოდ მნიშვნელოვანი რეზერვები, მათ შორის სავალუტო რეზერვები გაგვაჩნია იმისთვის, რომ გამოწვევები, რომლებიც დღეს გვაქვს, იგივე კურსზე ზეწოლასთან და პანიკასთან დაკავშირებით, ჩვენ დავძლიოთ, იმისთვის, რომ სტაბილურობა შევინარჩუნოთ". მან მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა და თქვა, რომ "პანიკის აყოლის შემთხვევაში ვზარალდებით და ვზარალდებით ფუჭად". ეკონომიკის მინისტრის მტკიცებით, ლარის გაუფასურების ობიექტური საფუძველი არ არსებობს და დევალვაციას მხოლოდ რეგიონში შექმნილი ვითარების გამო შექმნილი ნეგატიური მოლოდინები იწვევს. ასევე, ლევან დავითაშვილის აზრით, "პოლიტიკური პროცესები, რომლებიც ქვეყანაში მიმდინარეობს, ასევე ხელს უწყობს ამ გაუფასურებას და აჟიოტაჟს, რომელიც ეროვნული ვალუტის გარშემო იქმნება".

რაც შეეხება გრძელვადიან პროგნოზებს, ეკონომიკის მინისტრის თქმით, "ამაზეც ეკონომიკური გუნდი არის დარაზმული".

"ჩვენ გვესმის, რომ რეგიონში შექმნილი ეკონომიკური პრობლემები შეიძლება აისახოს უარყოფითად და გარკვეული დანაკარგები ამას ჰქონდეს ჩვენს პროგნოზებში ეკონომიკაზე, მაგრამ ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ ამას რაღაც მაკოპენსირებული ღონისძიებებით ვუპასუხოთ, აქ მარტო არ ვართ, ჩვენ ვართ ჩვენს საერთაშორისო საფინანსო პარტნიორებთან ერთად, შეჯერებული გვაქვს მათ შორის პოლიტიკა, მათ შორის ღონისძიებები, მათ შორის საპასუხო ნაბიჯები, რომლითაც უნდა შევძლოთ იმ უარყოფითი გავლენების კომპენსირება იმისთვის, რომ ეკონომიკის სტაბილური განვითარება შევინარჩუნოთ საქართველოში" - ამბობს დავითაშვილი.

ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3991 ლარია, ხოლო ევროსი – 3.6802 ლარი. ბოლო ორ კვირაში ლარი დოლართან 42 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან - 30 თეთრით.

ბანკებში უცხოური ვალუტის ღირებულება გაცილებით მაღალია - 1 დოლარი 3.50 ლარი ღირს, 1 ევრო - 3.83 ლარი. 

იანვარ-თებერვლის რამდენიმე კვირის განმავლობაში ლარს გამყარების ტენდენცია ჰქონდა, რასაც თიბისი კაპიტალი ზომიერად ოპტიმისტურს უწოდებდა და სამომავლოდ მის გაუფასურებას უფრო მეტად პროგნოზირებდა, ვიდრე კიდევ უფრო მეტად გამყარებას. 

"ლარის მიმართ სენტიმენტებისა და წმინდა შემოდინების გაძლიერების შემთხვევაშიც კი, ჩვენი აზრით, ლარის შემდგომი გამყარება ნაკლებად სავარაუდოა, რადგანაც ამ სცენარში ვფიქრობთ, რომ ეროვნული ბანკი უფრო მეტ რეზერვს შეისყიდის. 

ლარის მიმდინარე კურსი ზომიერად ოპტიმისტურია და სამომავლოდ მისი ან დაახლოებით იმავე დონეზე შენარჩუნება ან გარკვეული დასუსტებაა უფრო მოსალოდნელი, ვიდრე გამყარების ბოლო პერიოდში არსებული დინამიკის გაგრძელება". – წერია TBC CAPITAL-ის ანგარიშში.

კომენტარები