რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რიჟვაძე: სამწუხაროა, ომისას ჩემი პოზიციის, აკადემიური ბიოგრაფიის გაყალბებისთვის მოიცალეს

სამწუხაროა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, მაშინ როდესაც უამრავი უდანაშაულო ადამიანი იღუპება და უწევს სამშობლოს და ახლობელი ადამიანების დატოვება, რიგმა პოლიტიკურად ანგაჟირებულმა მედია საშუალებებმა, ფსევდოპატრიოტულმა პოლიტიკურმა ძალებმა და ნაცმოძრაობის სატელიტმა ორგანიზაციებმა, რომელთა მთავარ მიზანს წარმოადგენს საზოგადოების ემოციებით მანიპულირება, საქართველოში მშვიდობის და ევროპული საგარეო კურსის მიზანმიმართული დისკრედიტაცია, "მოიცალეს" ჩემი საგარეო პოლიტიკური პოზიციის და აკადემიური ბიოგრაფიის გაყალბებისთვის.

რუსულ ოკუპაციასთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია და კონკრეტული ქმედებები საჯაროდ ცნობილია! ჩვენმა ხელისუფლებამ ყველა საერთაშორისო ფორმატში დაგმო რუსული აგრესია და მხარი დაუჭირა უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას!

[...] 2015 წელს ჩავაბარე ტარას შევჩენკოს სახელობის კიევის სახელმწიფო უნივერსიტეტში დოქტორანტურაში ენერგეტიკის სამართლის მიმართულებით, 2017 წელს სამწუხაროდ გარდაიცვალა დისერტაციის აკადემიური ხელმძღვანელი, ალექსანდრე ზადოროჟნი, ოჯახური და სამსახურებრივი გარემოებების გათვალისწინებით იძულებული გავხდი საკუთარი სურვილით ამეღო აკადემიური შვებულება და შემეწყვიტა სწავლა. შესაბამისად, ყველა ოფიციალურ წყაროში მითითებულია დოქტორანტი; შეგნებულად თავს ვიკავებ ცალკეული ორგანიზაციების განცხადებებზე რომელთაც არ აქვთ იურიდიული მნიშვნელობა.

P.S. განსაკუთრებით სამარცხვინოა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაზე ხელმომწერების, 2008 წლის ომის დაწყებაში საქართველოს ბრალმდებელი პარტიისა და მათი ტელევიზიების მიერ დასმულ პროვოკაციულ კითხვას სერიოზულად უნდა ვუპასუხო?!

მე იქით მაქვს შეკითხვა, 2008-ში ვინ დაიწყო? შემთხვევით მაშინაც რუსეთმა ხომ არა? თუ კი, მაშინ ამას ხელი როგორ მოაწერეთ?! შემთხვევით მოღალატეები ხომ არ ხართ ამის გამო?!

ასე ეხმაურება აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე მის შესახებ კიევის ეროვნული უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებას.

კომენტარები