რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბერბოკი: NATO-მ არ უნდა დახუროს ცა უკრაინის თავზე, რადგან პასუხისმგებელია წევრთა დაცვაზე

ანალენა ბერბოკი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის თქმით, NATO არ დახურავს ცას უკრაინის თავზე, რადგან ეს ნაბიჯი ნიშნავს რუსეთთან სამხედრო კონფლიქტს, რაც, მისი განმარტებით, საფრთხე აგდებს ევროპელთა სიცოცხლეს.

"ცის დახურვა ნიშნავს, რომ NATO-ს თვითმფრინავები ესვრიან რუსეთისას, რაც კონფლიქტში უშუალოდ ჩართვაა. პასუხისმგებლობა გვაქვს, დავიცვათ ჩვენი ხალხი". - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა. 

ინტერვიუში ბერბოკმა აღნიშნა, რომ დასავლეთის სანქციები და უკრაინისთვის იარაღის მიწოდება საკმარისია რუსეთზე ზეწოლის გასაზრდელად. იქვე, მან დამატებით განმარტა, რომ სანქციები არ იძლევა მყისიერ ეფექტს, ამიტომ ეფექტურობისთვის დაწესებიდან მალევე არ უნდა მოიხსნას.

6 მარტს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დასავლეთს უკრაინის ცის ჩაკეტვა კიდევ ერთხელ სთხოვა, რათა რუსეთმა  ომში დაკარგოს საჰაერო უპირატესობა. მსგავსი ზონის მხოლოდ გამოცხადება საკმარისი არაა. დაწესებული შეზღუდვის შესასრულებლად საჭიროა ჯარის ნაწილები, რომლებიც საჰაერო სივრცეში უკანონოდ შემოსვლას აღკვეთენ. შესაბამისად, თუ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი უკრაინის ცას აკრძალულ ზონად გამოაცხადებს და იქ შეფრინდება რუსული თვითმფრინავი, მათ მისი ჩამოგდება მოუწევთ. დასავლეთში უკრაინის თავზე ცის ჩაკეტვას ამ მომენტამდე არ აპირებენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები