რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

თრასი: თუ რუსები მოლაპარაკებებს სერიოზულად ეკიდებიან, უკრაინიდან ჯარები უნდა გაიყვანონ

ლიზ თრასი

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლიზ თრასის თქმით, რუსეთთან მოლაპარაკებები არ დაიწყება, სანამ ის უკრაინიდან ჯარს არ გაიყვანს.

"თუ რუსები მოლაპარაკებებს სერიოზულად ეკიდებიან, უკრაინიდან ჯარები უნდა გაიყვანონ. უკრაინის თავთან მიბჯენილი იარაღით მოლაპარაკებებს ვერ აწარმოებენ. პირდაპირ რომ ვთქვა, არ ვენდობი მოლაპარაკებების ამ ეგრეთ წოდებულ ძალისხმევას".

თრასმა ასევე აღნიშნა, რომ შემუშავებულია რუსი ოლიგარქების სია და რამდენიმე კვირაში მთავრობა მიზნად ამოიღებდა მათ კერძო თვითმფრინავებს, უძრავ ქონებასა და, ზოგადად, ქონებას.

"შევიმუშავე ოლიგარქების სია. ვმუშაობთ თითოეული შემთხვევის დამუშავებისთვის და რამდენიმე კვირაში ახალ ოლიგარქებს დავუწესებთ სანქციებს. სანქციების ახალი პროგრამა იქნება და დასამალი ადგილი აღარ ექნებათ." - თქვა თრასმა.

კრემლის სპიკერის, დმიტრი პესკოვის ცნობით, რუსეთის დელეგაცია ბელარუსში უკრაინულ მხარესთან მოსალაპარაკებლად ჩავიდა. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთს მოლაპარაკებებზე უარი უთხრა და აღნიშნა, რომ დიალოგისთვის იმ ქვეყანაში ჩავიდოდა, საიდანაც უკრაინის მიმართულებით რაკეტებს არ ისვრიან.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები