დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება სურს

ალექსეი დანილოვი

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭომ უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გადაწყვეტილება მიიღო. საბჭოს გადაწყვეტილება უკრაინის უმაღლესმა რადამ უნდა დაამტკიცოს.

საბჭოს თავმჯდომარის, ალექსეი დანილოვის განმარტებით, საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებული შეზღუდვები რეგიონების მიხედვით სხვადასხვა იქნება. მისივე თქმით, დონეცკსა და ლუგანსკში ჩვეულებრივი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება შეუძლებელია და იქ ისედაც განსხვავებული სამართლებრივი რეჟიმი მოქმედებს, რადგან მიმდინარეობს სამხედრო მოქმედებები.

ჟურნალისტებთან საუბრისას დანილოვმა დააზუსტა, რომ საგანგებო მდგომარეობა 30 დღით იქნება შემოღებული.მისი თქმით, მოქალაქეების უმეტესობის ცხოვრებაზე საგანგებო რეჟიმის გამოცხადება გავლენას არ იქონიებს.

"ეს იქნება საზოგადოებრივი წესრიგის და იმ ობიექტების დაცვის გაძლიერება, რომლებიც მოქალაქეების და ეროვნული მეურნეობის სიცოცხლის უნარიანობა უზრუნველყოფს. შეიძლება იყოს ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა, ტრანსპორტის დამატებითი დათვალიერება, ფიზიკური პირების დოკუმენტების შემოწმება.

ეს პრევენციული ზომებია დესტაბილიზაციის წინააღმდეგ, რათა ქვეყანაში შენარჩუნდეს სიმშვიდე, მუშაობდეს ეკონომიკა." - თქვა დანილოვმა.

21 თებერვალს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა აღიარა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა. მოგვიანებით პუტინმა რუსეთის შეიარაღებულ ძალებს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში მშვიდობის უზრუნველყოფის ბრძანება მისცა. ბრძანება გამომდინარეობს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გაფორმებული ხელშეკრულებებიდან, რომელთა მიხედვით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დონბასში მშვიდობა უნდა უზრუნველყონ.რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ სახალხო რესპუბლიკების აღიარების შემდეგ ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა. ხუთ რუსულ ბანკს და სამ მილიარდერს სანქციები უკვე დაუწესა დიდმა ბრიტანეთმაც. გერმანია კი ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის მილსადენის ამოქმედებას აჩერებს.

უკრაინის საზღვრებთან 100 000-ზე მეტი რუსი სამხედროს განლაგებისა და თავდასხმის საფრთხის ფონზე, დონბასში სიტუაცია 17 თებერვლიდან დაიძაბა. პრორუსი სეპარატისტული ძალები პროვოკაციებს განაგრძობენ. მათი მხრიდან სროლები გრძელდება, რასაც ამ დრომდე 2 უკრაინელის სიცოცხლე ემსხვერპლა. პარალელურად გააქტიურებულია რუსული სამთავრობო მედიების პროპაგანდა და მოვლენებთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებენ. მარიონეტულმა სეპარატისტულმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკებმა მასობრივი ევაკუაცია გამოაცხადეს.

18 თებერვალს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში მომდევნო დღეებში შეიჭრებიან და სამიზნე ქვეყნის დედაქალაქი, კიევი იქნება. დონბასში არსებული დაძაბულობის ფონზე, ბელარუსი-რუსეთის ერთობლივი წვრთნები, რომლებიც 20 თებერვალს უნდა დაწყებულიყო, უვადოდ გახანგრძლივდა.

კომენტარები