უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება

ბოკერია: აბსურდული გახდა, რომ რუსეთის ქმედებები უკრაინის ან საქართველოს მთავრობების ბრალია

ბუნებრივია, რომ უკრაინის სამწუხარო მოვლენებმა 2014-შიც და ახლა განსაკუთრებით, კიდევ უფრო აბსურდული, უტიფარი გახადა ნებისმიერი ადამიანის მტკიცება, რომ რაიმე ფორმით საქართველოს ხელისუფლებების, ხელისუფლების ან ნებისმიერი სხვის იქამდე, ან უკრაინის დღევანდელი თუ წინა ხელისუფლების ბრალეულობა არსებობს ამ ქმედებებში. 

სწორედ ესაა, რაც პუტინს უნდოდა, ოღონდ რისი პროპაგანდირებაც უფრო რთულდება რაც უფრო ფართო ხდება მაგალითები, რომ პუტინის სამიზნე არის ნებისმიერი წარმატებული სახელმწიფოებრიობა მის საზღვრებთან. ეს არის ნაწილი მისი მცდელობისა, რომ ცივი ომის დასრულების შემდგომი წესრიგი შეცვალოს და აღადგინოს საბჭოთა კავშირის დროინდელი გავლენა, რაც ავტომატურად გულისხმობს, რომ ნებისმიერ წარმატებულ სახელმწიფოებრიობას აგრესიით უნდა დაუპირისპირდეს, სადაც საჭიროა – სამხედრო აგრესიით და სადაც საჭიროა – ჰიბრიდული მეთოდებით. ამიტომ, ჩვენთვის კატასტროფაა, რომ გვყავს ხელისუფლება, რომელიც აქამდეც ცდილობდა და, ალბათ, ახლაც სხვადასხვა ფორმით მაინც უტიფრად შეეცდება ამ ხაზის გატარებას, რომ ნაწილობრივ მაინც საქართველოს ან ნებისმიერი მისი ხელისუფლების ბრალია პუტინის რუსეთის აგრესია, მსხვერპლი და ოკუპირებული ტერიტორიები.

თქვა ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგა ბოკერიამ. 21 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა აღიარა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა. რუსეთმა უკრაინის და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები თითქმის ერთნაირი ტექსტით აღიარა.

კომენტარები