სტიქია ბრაზილიაში

ბრაზილიაში მეწყერისა და წყალდიდობის გამო დაკარგულ 120-ზე მეტ ადამიანს კვლავ ეძებენ

ბრაზილიის ქალაქ პეტროპოლისში მეწყერისა და წყალდიდობის გამო დაკარგულ 120-ზე მეტ ადამიანს კვლავ ეძებენ. სამძებრო სამუშაოებს ხელი განმეორებითმა თავსხმა წვიმებმა შეუშალა. ადგილობრივი მთავრობის თქმით, ნაკლებსავარაუდოა, რომ დაკარგული ადამიანები ცოცხლები იყვნენ.

პეტროპოლისში ძლიერი წვიმებისგან გამოწვეული მეწყერი და წყალდიდობა გასულ კვირაში მოხდა. სტიქიას სულ მცირე 171 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 27 ბავშვი. 900-ზე მეტი ადამიანი კი თავშესაფრებსა და სკოლებში არიან გადაყვანილები.

სამძებრო სამუშაოებში მაშველებთან ერთად, სამხედროები და მოხალისეები მონაწილეობენ, რომლებიც ხელის იარაღებით და ელექტროხერხებით მუშაობენ, რადგან უამინდობისა და მიწის შლის გამო ადგილზე მძიმე ტექნიკის გამოყენება ვერ ხერხდება.

პეტროპოლისი რიო-დე-ჟანეიროს შტატის ჩრდილოეთ ნაწილში, მთიან რეგიონში მდებარეობს, სადაც ძლიერი წვიმით გამოწევეული მეწყერები ხშირია. ბუნებრივმა კატასტროფამ პეტროპოლისსა და მიმდებარე ქალაქებს ყველაზე დიდი ზიანი 2011 წელს მიაყენა, როდესაც მეწყერმა და წყალდიდობამ 900-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

კომენტარები