დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

დაუყოვნებლივ დაიწყოს მოლაპარაკებები უკრაინის EU-ში გაწევრიანებაზე – მიმართვა მაკრონს

ევროკავშირის ამჟამინდელი და ყოფილი პოლიტიკოსები, მეცნიერების, ჟურნალისტიკის, ლიტერატურის სფეროს წარმომადგენლები მოუწოდებენ ემანუელ მაკრონს, როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, საფრანგეთის პრეზიდენტს, დაუყოვნებლივ დაიწყოს მოლაპარაკებები უკრაინის ევროკავშირში შესვლასთან დაკავშირებით. მიმართვას 100 ხელმომწერი ჰყავს.

მიმართვაზე ხელმომწერთა აზრით, რუსეთიდან მომდინარე საფრთხისა და დესტაბილიზაციის პირისპირ, გაწევრიანების პროცესი ხელს შეუწყობს უკრაინის პოლიტიკურ და ეკონომიკურ რეფორმებს.  

"მოგმართავთ თქვენ, როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის პრეზიდენტს იმ იმედით, რომ მთავრობებისა და სახელმწიფოების მეთაურებს შორის გაავრცელებთ ინიციატივას, რომელიც მიმდინარე კრიზისში ევროკავშირს ნამდვილ სტრატეგიულ მოთამაშედ აქცევს. 2015 წელს ევროკავშირმა აღიარა "უკრაინის ევროპული მისწრაფებები" და მიესალმა მის "ევროპულ არჩევანს", ახლა უკვე დრო დადგა, ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაუყოვნებლივ დაწყებითა და იმ მიზნით, რომ ის ათ წელიწადში წევრი სახელმწიფო იქნება, მივცეთ მას ინტეგრაციის რეალური შანსი". – წერია მიმართვაში. 

ხელმომწერები ასევე ხაზს უსვამენ, რუსეთის მხრიდან დესტაბილიზაციის მუდმივ საფრთხეს.

"მაშინაც კი, თუ მიმდინარე კრიზისი არ გადაიზრდება ღია კონფლიქტში, დესტაბილიზაციის საფრთხის ქვეშ რეფორმების ზუსტი და სავალდებულო სისტემა, რომელსაც გაწევრიანების პროცესი მოითხოვს, იქნება ძლიერი სტიმული დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის გაძლიერებისთვის, რაც, თავის მხრივ, სამომავლო დესტაბილიზაციის მცდელობებს მნიშვნელოვნად შეუშლის ხელს". – ვკითხულობთ მიმართვაში. 

კომენტარები