Tesla

ილონ მასკმა კანადის პრემიერმინისტრი ჯასტინ ტრუდო ჰიტლერს შეადარა

Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა Twitter-ზე კანადის პრემიერმინისტრი, ჯასტინ ტრუდო ადოლფ ჰიტლერს შეადარა. რისი მიზეზიც, როგორც ჩანს, პრემიერის მუქარა იყო, რომ ვაქცინის მოწინააღმდეგე დემონსტრანტებს საბანკო ანგარიშებს გაუყინავდა. მასკმა პოსტი მეორე დღეს განმარტების გარეშე წაშალა.

იანვრის თვეში მასკმა Twitter-ზე მხარი დაუჭირა სატვირთო ავტომობილთა მძღოლებს, რომლებმაც გადაკეტეს გზები, ხიდები და მოითხოვდნენ საერთაშორისო ყურადღებას კანადის მთავრობის კოვიდრეგულაციებთან დაკავშირებით.

16 თებერვალს კანადის პრემიერმინისტრი, ჯასტინ ტრუდო სავალდებულო ვაქცინაციის მოწინააღმდეგე დემონსტრანტებს საბანკო ანგარიშების გაყინვით დაემუქრა. სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე მოქალაქეთა საბანკო ანგარიშების დაბლოკვა კანადის ისტორიაში უპრეცედენტო მოვლენაა, რომლის უფლებასაც პრემიერმინისტრს საგანგებო სიტუაციების აქტი ანიჭებს. 

ამის პასუხად მასკმა Twitter-ზე ადოლფ ჰიტლერის ფოტო დადო და დააწერა - "შეწყვიტეთ ჩემი შედარება ტრუდოსთან, მე ბიუჯეტი მქონდა".

ამერიკელ ებრაელთა კომიტეტი მასკის შედარებას გამოეხმაურა და მას ბოდიშის მოხდა მოსთხოვა. ბიზნესმენს კანადის მრეწველობის მინისტრმა Twitter-ზე პასუხად დაუწერა: "სრულად შემზარავია". 

მასკს Twitter-ზე 74 მილიონი გამომწერი ჰყავს. ბიზნესმენი ცნობილია უხეში იუმორით. თუმცა, კანადის პრემიერის  იმ ისტორიულ ფიგურასთან შედარება, რომელიც მილიონი ებრაელის გენოციდზეა პასუხისმგებელი, სოციალური ქსელის მომხმარებელთა დიდი ნაწილის შეფასებით, ზედმეტი იყო.  

კომენტარები