რუსული ოკუპაცია

"მოკლეს და გადმოაგდეს ცხინვალიდან, ვითხოვდი, არავინ არ დაეხმარა" – გენადი ბესტაევის და

მთავარი არხი

"მოკლეს და გადმოაგდეს ცხინვალიდან. მაგის ჯანმრთელობა ეგ იყო. ვითომ ინსულტმა დაარტყაო და ინსულტდარტყმული ეგეთი მე არ ვიცი". – გარდაცვლილი გენადი ბესტაევის დის, ნაირა ბესაევუის თქმით, ტყვეობაში ჩავარდნამდე მის ძმას ჯანმრთელობის პრობლემები არ ჰქონია.

ნაირა ბესტაევი ამბობს, რომ ოჯახი დახმარებას ითხოვდა, თუმცა, მცდელობის მიუხედავად, არავინ დახმარებია.

"ხალხს აქ აწამებენ, ციხეში არა სხედან, მარა აწამებენ, ციხეში იყო და წამებაზე მეტია. ფაქტია, ხელს ვინ გადაუსმევდა – არავინ.

ვითხოვდი, არავინ არაფრით არ დაეხმარა. მე რაც მჭირდებოდა ჩემი ძმისთვის ის რომ გაეკეთებინათ, ის შეიძლება ცოცხალიც ყოფილიყო. იმათი დახმარება და საჭმელი მე არ მინდოდა, იმისთვის გაეწიათ დახმარება, რომ ერთი პატარა ქოხი ჩაედგათ". – ამბობს მთავარ არხთან საუბარში გარდაცვლილი ბესტაევის და.

ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოყვანილი გენადი ბესტაევი კლინიკაში დღეს, 16 თებერვალს გარდაიცვალა.

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ ციხეში მყოფ ბესტაევს 15 ნოემბერს ინსულტი განუვითარდა, გვიან ღამით კი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა, 16 ნოემბერს კი საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოიყვანეს.

რუსმა ოკუპანტებმა გენადი ბესტაევი 2019 წლის 21 ნოემბერს დააკავეს, 2021წლის 2 მარტს კი ე.წ სასამართლომ მას 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

კომენტარები