შუალედური არჩევნები 2022

ბადრი ჯაფარიძე შუალედურ არჩევნებში რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება

ლელო საქართველოსთვის • Lelo For Georgia / Facebook

ლელოს ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე შუალედურ არჩევნებში რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება - ამის შესახებ პარტიაში გამართულ ბრიფინგზე მამუკა ხაზარაძემ ისაუბრა.  

"ბადრი ჯაფარიძე იქნება წარდგენილი რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატად შუალედურ არჩევნებში, იმისათვის, რომ დავუმტკიცოთ, რომ ძალა არის ხალხის ხელში. იმისათვის, რომ დავამტკიცოთ, რომ მანდატზე კი არ არის საუბარი, ცვლილება შეგვიძლია და მე მინდა მივმართო რუსთაველებს, ეს არის პრინციპული ბრძოლა". - თქვა ხაზარაძემ. 

შუალედური არჩევნები 2 აპრილს არის ჩანიშნული. ამომრჩევლები რუსთავში პარლამენტის მაჟორიტარს, ბათუმში კი საკრებულოს მაჟორიტარს აირჩევენ. შუალედური არჩევნებისთვის რუსთავსა და გარდაბანში 117 საარჩევნო უბანი, ხოლო ბათუმში 14 საარჩევნო უბანი გაიხსნება. 

15 თებერვალს პარლამენტმა ბადრი ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილს დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყვიტა

ჯაფარიძისა და ნათელაშვილისთვის დეპუტატის მანდატის შეჩერებით პარტია ლელო და ლეიბორისტული პარტია საბიუჯეტო დაფინანსებასაც კარგავენ. დაფინანსება მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილების მიხედვით წყდება. კანონის თანახმად, პარტია სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებას კარგავს, თუ ამ პარტიის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრთა ნახევარს ან ნახევარზე მეტს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ვადამდე უწყდება.

პარლამენტმა ლელოს ლიდერს, ბადრი ჯაფარიძეს მანდატი სასამართლოს მიერ ჯაფარიძე/ხაზარაძე/წერეთლის საქმეზე გამოტანილი განაჩენის მოტივით შეუწყვიტა. 12 იანვარს ლელოს ლიდერები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, ასევე, ბიზნესმენი ავთანდილ წერეთელი სასამართლომ გაამტყუნა და 7-წლიანი პატიმრობა შეუფარდა, თუმცა მათ დანაშაულის ხანდაზმულობის გამო არ დააპატიმრებენ. მოსამართლემ სამივე მათგან მუხლი გადაუკვალიფიცირა და ჯგუფურ თაღლითობაში ცნო დამნაშავედ.

10 თებერვალს ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა ბოიკოტის შეწყვეტა და პარლამენტში შესვლა გადაწყვიტა. ნათელაშვილისთვის მანდატის შეწყვეტის მიზეზი რეგლამენტის ის ნაწილია, რომლის მიხედვითაც, თუ პარლამენტის წევრი სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით სხდომების ნახევარზე მეტს არ დაესწრება, უფლებამოსილება შეუწყდება. პარლამენტი იმავე მოტივით მოქმედებს დროას ლიდერის, ელენე ხოშტარიას შემთხვევაშიც.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ოპოზიციურმა პარტიებმა საპარლამენტო ბოიკოტი გამოაცხადეს. მალევე, საკანონმდებლო ორგანოში ოპოზიციის ადგილები პარტია მოქალაქეების ორმა დეპუტატმა დაიკავა, შემდეგ კი, შარლ მიშელის დოკუმენტის გაფორმების შემდეგ, პარლამენტში შევიდნენ ლელო, სტრატეგია აღმაშენებელი და გირჩი. ნიკა მელიას პატიმრობიდან გათავისუფლებას პარლამენტში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შესვლაც მოჰყვა.

შარლ მიშელის დოკუმენტისთვის ხელი არ მოუწერიათ ლეიბორისტულ პარტიას, ევროპულ საქართველოს, პარტიას კანონი და სამართალი  (თუმცა, თაკო ჩარკვიანი პარლამენტში შევიდა). ასევე, ევროპული საქართველოს საარჩევნო სიის წევრს და ამჟამად დროას ლიდერს, ელენე ხოშტარიას.

კომენტარები