სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური

პატიმრის სიკვდილის გამო გულგრილობის ბრალდებით პენიტენციურის 3 თანამშრომელს ბრალი წარედგინა

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინფორმაციით, მათი წინადადების საფუძველზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის 3 თანამშრომელს ბრალი წარედგინა. საუბარია პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების მხრიდან ჩადენილ სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე, რასაც პატიმრის სიკვდილი მოჰყვა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ცნობით, №8 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი ერთ-ერთი ბრალდებული, მისი ფსიქო-ემოციური მდგომარეობის გათვალისწინებით, იმყოფებოდა 24 საათიანი ვიდეომონიტორინგის ქვეშ.

2021 წლის 14 ოქტომბერს, იგი სამკურნალოდ გადაიყვანეს და სამეთვალყურეო ვიდეოკამერებით აღჭურვილ პალატაში მოათავსეს. 15 ოქტომბერს, საბადრაგო ჯგუფის წევრებმა, რომლებსაც პატიმრის მონიტორინგი ევალებოდათ, პალატაში მარტო მყოფი ბრალდებული დატოვეს მუდმივი ვიზუალური მეთვალყურეობის გარეშე. უმეთვალყურეოდ დატოვებულმა ბრალდებულმა თავი ჩამოიხრჩო.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც სამსახურებრივი გულგრილობას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ბრალდება სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის თანამშრომლებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა წარუდგინა.

კომენტარები