საქართველო-პოლონეთი

დუდა: საქართველო ჩვენი მეგობარია, რუსეთის შემოჭრისას თქვენთან ჩემი პრეზიდენტი ჩამოვიდა

"საქართველო არის ჩვენი მეგობარი, საქართველო არის ჩვენი მოკავშირე"  - ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, სალომე ზურაბიშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და აღნიშნა, რომ საქართველოში პირველად არ არის.

"საქართველო არის მნიშვნელოვანი... საქართველო არის ის ქვეყანა, სადაც 2008 წელს, როცა რუსეთი შემოიჭრა, საქართველოს მხარდასაჭერად ჩამოვიდა ჩემი პრეზიდენტი, პოლონეთის პრეზიდენტი, ბატონი ლეხ კაჩინსკი" - თქვა დუდამ.

პოლონეთის პრეზიდენტმა ქართველ კოლეგასთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ უკრაინაში მიმდინარე პროცესები "არ არის მხოლოდ ევროპის საქმე და ეს არის მთელი მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანი საკითხი".

"მადლობა ქალბატონო პრეზიდენტო, რომ მომეცა შესაძლებლობა, გამეზიარებინა ჩემი ცოდნა და ინფორმაცია არსებული სიტუაციის შესახებ. რა თქმა უნდა, ეს არ არის მხოლოდ ევროპის საქმე, ეს არის მთელი მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანი საკითხი. მე მქონდა შეხვედრები სხვადასხვა პრეზიდენტთან, ასევე, გაეროს წარმომადგენლებთან და მინდა აღვნიშნო, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი ერთობლივი ქმედება. ასევე მინდა, აღვნიშნო, რომ ორშაბათს დაგეგმილია შეხვედრა და კონსულტაციები ამ საკითხთან დაკავშირებით" - თქვა დუდამ.


პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა საქართველოში რამდენიმე საათით იმყოფება, ის თბილისის აეროპორტიდან ჩინეთში ტრანზიტული რეისით მიფრინავს. 

კომენტარები