დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი უკრაინაში ჩავიდა

REUTERS/Gleb Garanich

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი უკრაინასა და რუსეთს შორის დაძაბულობას უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად კიევში განიხილავს.

თურქეთს ახლო ურთიერთობა აქვს უკრაინასთან და რუსეთთან. თუმცა ერდოღანი არ ეთანხმება რუსეთის პოლიტიკას სირიასა და ლიბიაში, ასევე, 2014 წელს ყირიმის ანექსიას. 

ერდოღანი სანამ თურქეთს დატოვებდა, ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ ორივე მხარეს დიალოგისკენ მოუწოდებს, ამასთანავე, მისი თქმით, საერთაშორისო სამართლით მშვიდობიანად უნდა მოხდეს სიტუაციის განმუხტვა. 

"ღვთის წყალობით, ორ ქვეყანას შორის ამ დაძაბულობას მშვიდობიანად გადავჭრით". -თქვა ერდოღანმა ჟურნალისტებთან.

ანკარამ  შესთავაზა მხარეებს დაპირისპირების განმუხტვის ხელმძღვანელობა. თურქული დიპლომატიური წყაროების მიხედვით, რუსეთი და უკრაინა ღიაა ამ იდეისთვის. ასევე, თურქეთი ეწინააღმდეგება სანქციებს, რომლითაც სამხედრო შეჭრის საპასუხოდ NATO-ს სხვა წევრები ემუქრებიან რუსეთს.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლეკსი რეზნიკოვის თქმით, კიევსა და ანკარას შორის გაფორმდება შეთანხმება თურქული საბრძოლო უპილოტო აპარატების უკრაინაში წარმოების შესახებ. ასევე, მხარეები გააფორმებენ ხელშეკრულებას თავისუფალი ვაჭრობის შესახებ

"ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ჩვენს თურქ პარტნიორებთან, რათა დავრწმუნდეთ, რომ შეთანხმება ითვალისწინებს უკრაინის ბიზნესის ინტერესებს, ქმნის ექსპორტის შესაძლებლობებს და აჩენს უკრაინის წარმოების გაუმჯობესების პოტენციალს". - თქვა უკრაინის პრემიერმინისტრმა, დენის შმიგალმა. 

2021 წელს თურქეთსა და უკრაინას შორის სავაჭრო ბრუნვამ $7 მილიარდი შეადგინა, უკრაინის ექსპორტი - $4.1 მილიარდი იყო. თურქეთში უკრაინის გაყიდვების 70% მარცვლეული და ლითონია. 

უკრაინასა და რუსეთს შორის დაძაბული მდგომარეობის ფონზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთი შეჭრის წინაპირობის შესაქმნელად აღმოსავლეთ უკრაინაში ოპერაციას ამზადებს. CNN-ის ცნობით, მათი წყაროს თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციაში სჯერათ, რომ რუსეთი, შესაძლოა, უკრაინაში შეჭრისთვის ემზადებოდეს, "რაც გამოიწვევს ადამიანების უფლებების ფართოდ დარღვევასა და ომის დანაშაულს, თუ დიპლომატია საკუთარ მიზანს ვერ შეასრულებს".

2021 წლის 11 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ NATO-ს სთხოვა, რომ გააუქმოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დადებული პირობა, საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

რუსეთის მოთხოვნის საპასუხოდ NATO-ს გენერალური მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა, მათ შორის, თუ რა სახის უსაფრთხოების შეთანხმების მონაწილე სურს, რომ იყოს. მისივე შეფასებით, მიუღებელია, რომ რუსეთი ცდილობს, გავლენის სფეროების სისტემა აღადგინოს. 

მოგვიანებით 17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა აშშ-სთან და NATO-სთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკების პროექტი. რუსეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და აშშ-ს, ფაქტობრივად, ჯარებისა და შეიარაღების 1997 წლის მაისის განლაგებაზე დაბრუნებას სთხოვს, ანუ იმ დროინდელ პოზიციებზე დაბრუნებას სანამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს NATO-ში მიიღებდნენ. ასევე, მოსკოვი კიდევ ერთხელ ითხოვს ალიანსის გაფართოების შეჩერებასა და მასში უკრაინის გაწევრიანების დაუშვებლობას უსვამს ხაზს. პროექტის მიხედვით, NATO-მ უნდა შეაჩეროს სამხედრო საქმიანობა უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

იანვრის პირველ ნახევარში დასავლეთსა და რუსეთს შორის გამართული დიპლომატიური შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა.

პარალელურად უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების თავმოყრის გამო ორ ქვეყანას შორის მდგომარეობა კვლავ დაძაბულია. კიევისა და ვაშინგტონის ცნობებით, უკრაინის საზღვრებთან ასიათასამდე რუსი სამხედროა თავმოყრილი. გრძელდება შეიარაღებული ძალების ამ ტერიტორიაზე უჩვეულო თავმოყრა და გადაადგილება. არსებობს შიში, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება.

ვრცლად უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობისა და ომის შესაძლებლობის შესახებ წაიკითხეთ აქ – უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს.

კომენტარები