უკრაინაში, კიევში დააკავეს ორი ადამიანი, რომლებიც დედაქალაქში არეულობის მოწყობას გეგმავდნენ. უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის დენის მონასტირსკის თქმით, არეულობების მიზანი სისხლისღვრა იყო.
"გუშინ კიევში დააკავეს ადამიანთა ჯგუფი, რომელიც დედაქალაქში მასობრივ არეულობას გეგმავდა. იგეგმებოდა 5 000-მდე ადამიანის შეკრება, რომელთაგან 1 500-მდე უნდა ყოფილიყო ე.წ "ტიტუშკა" და უნდა მოეწყოთ ჩხუბი სამართალდამცველებთან. ეს წინასწარ იგეგმებოდა. აუცილებლად უნდა ყოფილიყო ძალადობა ამ მიტინგს მონაწილეებს შორის, უნდა დაღვრილიყო სისხლი. ამასთანავე მომზადებული იყო ხელოვნური სისხლი, რომელიც სამართალდამცველებთან კონფლიქტის დროს აქტივისტებს შორის უნდა დაღვრილიყო. დაგეგმილი და შეგროვებული იყო მედიკოსთა ჯგუფები, რომლებიც ამ მომენტში უნდა მისულიყვნენ და ეს უნდა გაშუქებულიყო ყველა ცენტრალურ არხზე. დაგეგმილი იყო მანქანის საბურავების დაწვა, ცეცხლსაქრობების და ასაფეთქებელი შუშხუნების გამოყენება" - თქვა მინისტრმა.
ეროვნული პოლიციის იგორ კლიმენკოს თქმით, მასობრივი არეულობა დედაქალაქის ცენტრში პრეზიდენტის ოფისთან უნდა მომხდარიყო. ასევე თებერვალში იგეგმებოდა არეულობა ოთხ საოლქო ცენტრში. კლიმენკოს თქმით, დაკავებულია კიევში აქციის ორგანიზატორი და მისი დამხმარე.
შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, ახლა სამართალდამცველებს აქვთ ინფორმაცია, რომ დაკავებულებს რუსეთის სპეცსამსახურებთან ჰქონდათ კავშირი. მინისტრის თქმით, მიმდინარეობს ინფორმაციის გადამოწმება. დაკავებულებს 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. იგორ კლიმენკომ აღნიშნა, რომ მასობრივი არეულობის ორგანიზებაზე 1 მილიონი გრივნა იყო გამოყოფილი.





