საქართველო-რუსეთი

Georgian Airways-მა თბილისი-მოსკოვი-თბილისის მიმართულებით 28 იანვარს ფრენა ჩანიშნა

Georgian Aiways

Georgian Airways-მა 28 იანვარს თბილისი-მოსკოვი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენა ჩანიშნა. ინფორმაციას ავიაკომპანია Facebook-გვერდზე ავრცელებს.  

"ძვირფასო მგზავრებო, გაცნობებთ, რომ ჯორჯიან ეარვეისი შეასრულებს პირდაპირ რეისს თბილისი-მოსკოვი-თბილისი, 28 იანვარს!" - წერს კომპანია. 

მოქალაქეების კითხვას კი, რეგულარული იქნება თუ არა ფრენა, Georgian Airways-ი პასუხობს: 

"პირდაპირი ავიარეისი შესრულდება 28 იანვარს. რეგულარული ავიარეისები ხორციელდება თბილისი-ერევანი-მოსკოვის მიმართულებით, პარტნიორ ავიაკომპანიასთან თანამშრომლობით". 

როგორც პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძე ფორმულასთან ამბობს, რუსეთთან პირდაპირი ფრენები არ აღდგენილა. კითხვაზე, რატომ ჩაინიშნა ფრენა, აბაშიძე პასუხობს, რომ ინფორმაცია არ აქვს, "მაგას თქვენ უფრო გაარკვევთ კარგად".   

ტაბულა Georgian Airways-თან დაკავშირებას ცდილობს - მათ პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ. 


21 იანვარს რუსეთის საგარეო უწყებამ 2019 წელს რუსეთ-საქართველოს შორის შეწყვეტილი ავიამიმოსვლის შესახებ წერილი გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ორმხრივი კავშირების აღდგენა ორივე ქვეყნის ინტერესებშია და რუსეთი იმედოვნებს, რომ საქართველოს ხელისუფლება წარსული გამოცდილებიდან გაკვეთილებს ისწავლის და რუსეთის მიმართ უფრო "დაბალანსებულ" პოლიტიკას გაატარებს.

კომენტარები