პოლიციელების ძალადობა

გირჩი – მეტი თავისუფლება პოლიციელის ძალადობაზე: სისტემაა შესაცვლელი, რასაც ოცნება არ იზამს

გირჩი - მეტი თავისუფლება გამოეხმაურა ტელეკომპანია პირველის მიერ გავრცელებულ ვიდეოს, სადაც ჩანს, რომ პოლიციელი ადამიანს ურტყამს. პარტიის თქმით, ასეთ შემთხვევებს მხოლოდ რეაგირება ვერ უშველის, საჭიროა სისტემის მთლიანად შეცვლა, რასაც ქართული ოცნება არ გააკეთებს.

"დღეს გავრცელებულ კადრებში ვნახეთ პოლიციელი, რომელიც შშმ პირზე ფიზიკურად ძალადობს. მას ახლავს მეორე პოლიციელიც, რომელიც ამ ყველაფერს უყურებს და არაფერს აკეთებს მის შესაჩერებლად.

შეუძლებელია ამ ფაქტს გამართლება ჰქონდეს.

პოლიციელი ელოდება როდის აივლიან ესკალატორს, რათა მალულად, ოთახში შეძლოს „მისი ალაპარაკება“, რადგან ეუბნებიან, რომ ბიჭი ყრუ-მუნჯია.

საინტერესოა, რომ არა მესამე პირის მიერ გადაღებული და გავრცელებული ვიდეო, როგორ შეიფუთებოდა ეს ქეისი დღევანდელ სასამართლოში. იმ სასამართლოში, სადაც მოწმედ ორი „სანდო“ პოლიციელის ჩვენებაც საკმარისია გადაწყვეტილების მისაღებად.

წარმოიდგინეთ, რას აკეთებს სისტემა იქ, სადაც მესამე პირი კამერით არ იღებს? ეს ბიჭი რომ მარტო ყოფილიყო, ან მის ნაცვლად თქვენ ან თქვენი შვილი ყოფილიყავით?

რეაგირება ამას არ უშველის, სისტემაა შესაცვლელი და ამის გამკეთებელი ოცნება არაა". – წერია გირჩი - მეტი თავისუფლების განცხადებაში

ტელეკომპანია პირველის ცნობით, პოლიციელმა ყრუ ახალგაზრდას სცემა. ვიდეოს გამოეხმაურა შინაგან საქმეთა სამინისტრო. უწყების თანახმად, გენერალურმა ინსპექციამ ფაქტის მოკვლევა უკვე დაიწყო. 

შემთხვევაზე მოკვლევა დაიწყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმაც. ინსპექტორის სამსახურის ცნობით, გამოძიება საპატრულო პოლიციის თანამშრომლის მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე დაიწყო.

კონფლიქტი პოლიციელებსა და მოქალაქეებს შორის მეტროს ესკალატორზე დაიწყო. ერთ-ერთმა პირმა პოლიციელისთვის სცადა ახსნა, რომ არასრულწლოვანი შშმ პირია. 

მოქალაქე: ხელი გაუშვით
პოლიციელი: შენ ხომ გვიცნობ?
მოქალაქე: ყრუ-მუნჯია
პოლიციელი: მანდ უნდა იაროს მერე?
მოქალაქე:ყრუ მუნჯია თქო
პოლიციელი: შენ ხომ ჭკვიანი ხარ? შენ ხომ გესმის? უნდა დაარიგო მერე
მოქალაქე: ყრუ-მუნჯია, რა უნდა ვუთხრა?
პოლიციელი: ეს ყრუმუნჯია? რო ავალაპარაკო ეხლა?
მოქალაქე: მიდი აალაპარაკე და მილიონს მოგცემ
პოლიციელი: მოდი, ეხლა უნდა ავალაპარაკო

 

კომენტარები