კორონავირუსი საქართველოში

აცრილებს შეეძლებათ, რომ კოვიდინფიცირებულთან კონტაქტის შემდეგ კარანტინში არ გადავიდნენ

Claudio Furlan / LaPresse / AP

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, აცრილ მოქალაქეებს შეეძლებათ, რომ კოვიდინფიცირებულთან კონტაქტის შემდეგ კარანტინში არ გადავიდნენ. გაბუნიას განმარტებით, ეს წესი იმ შემთხვევაში იმოქმედებს, თუ ვაქცინის დოზების მიღებიდან გასულია არანაკლებ 2 კვირა და არაუმეტეს 90 დღე.

"რაც შეეხება კონტაქტებს, ვადები აქაც მცირდება და მსუბუქდება. თუ კონტაქტი ვაქცინირებულია, მათ შორის, ბუსტერვაქცინაციის მქონე პირები და პირები, რომლებსაც ჩატარებული აქვთ მხოლოდ პირველი ორი დოზა, ამ დოზების მიღებიდან 2 კვირის-90 დღის ვადაში, კარანტინის ვადა ეხსენებათ. ანუ არ არის საჭირო მათთვის კარანტინი და ასევე, პირებს კოვიდინფექციის გადატანიდან 60 დღის მანძილზე ნიღბის მოხმარების მკაცრი რეკომენდაციის პირობებში კონტაქტიდან 10 დღის შემდეგ შეუძლიათ კარანტინში აღარ იყვნენ". – თქვა თამარ გაბუნიამ.

მინისტრის მოადგილის თქმით, არავაქცინირებული პირებისთვის კვლავ რჩება ინფიცირებულთან კონტაქტის შემდეგ 8-დღიანი კარანტინის რეკომენდაცია.

"რაც შეეხებათ არავაქცინირებულ პირებს, აქ მაინც რჩება რეკომენდაცია კონტაქტის შემდეგ 8 დღის განმავლობაში დარჩნენ კარანტინში და 9-12 დღის პერიოდში უნდა გამოიყენონ პირბადე. ეს ცვლილებები ძალაში შევა ორშაბათიდან, ახლა მიმდინარეობს დაზუსტება". – თქვა თამარ გაბუნიამ.

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ 36 ადამიანი გარდაიცვალა, ბოლო 24 საათში ჩატარდა 60 753 ტესტი და დადასტურდა 5 567 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 1 661 პაციენტი. 

ქვეყანაში სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. პირველი დეკემბრიდან ამოქმედდა მწვანე ბარათების სისტემა.

კომენტარები