სამეფო ოჯახი

საქართველოს სამეფო სახლს ჩაკრულოს ტექსტის გამოყენება არ მოსწონს

საქართველოს სამეფო სახლს ჩაკრულოს ტექსტის გამოყენება არ მოსწონს - მათ მიერ გავრცელებულ განცადებაში ვკითხულობთ, რომ ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ტექსტი - "ჩავუხტეთ მუხრან ბატონსა" სამეფო სახლთან მიმართებაში სიძულვილის კონტექსტში გამოიყენა. სამეფო სახლი მოგვიწოდებს, არ გამოვიყენოთ მუხრან-ბატონის ტიტული ამ კონტექსტში. 

"ბაგრატიონ მუხრანელთა საქართველოს სამეფო სახლი, თხოვნით მიმართავს საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც ამა წლის 13 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოსვლისას ცნობილი ქართული სიმღერის ,,ჩაკრულოს“ ტექსტი ,,ჩავუხტეთ მუხრან ბატონსა“ გამოიყენა საქართველოს სამეფო სახლთან მიმართებაში სიძულვილის კონტექსტში. 1512 წლიდან დღემდე 30 პირი ატარებდა მუხრანბატონის წოდებას და დღეს ამ წოდების მატარებელია დავით ბაგრატიონ მუხრან-ბატონი, როგორც საქართველოს სამეფო სახლის მეთაური. თხოვნით მივმართავთ ყველას არ გამოიყენოს ეს ტიტული დღევანდელი დისკუსიის ჭრილში". -წერია საქართველოს სამეფო სახლის განცხადებაში.

13 იანვარს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე გამოსვლისას თქვა: "ქართველმა ხალხმა უნდა დაიხსნას საკუთარი თავი. გავიმარჯვებთ, რადგან ჩვენ ისტორიულად არ ვეპუებოდით ჩაგვრას და ისტორიულად არ გვიყვარდა ჩვენი ფეოდალები. „ჩავუხტეთ მუხრან-ბატონსა“ ჩემი დაწერილი ტექსტი არ არის“.

კომენტარები