დაძაბულობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეტაკებისას 3 სომეხი და 1 აზერბაიჯანელი სამხედრო დაიღუპა

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე 11 იანვარს მხარეებმა ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნეს. შეტაკებები აზერბაიჯანის ქალბაჯარის რეგიონისა და სომხეთის გეღარქუნიქის რაიონის საზღვარზე მოხდა. მხარეები ერთმანეთს პროვოკაციების მოწყობაში ადანაშაულებენ. 

სომხური მხარის ინფორმაციით, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა გეღარქუნიქში მყოფი სომეხი სამხედროების მიმართულებით ცეცხლი 11 იანვრის 15:15-ზე გახსნეს, რის შემდეგაც სიტუაცია დროებით დაწყნარადა, თუმცა სროლა 17:30-ზე განახლდა. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეტაკების დროს დაიღუპა ორი 2002 წელს დაბადებული და ერთი 2003 წელს დაბადებული სამხედრო.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხეთის მხრიდან გეღარქუნიქის რეგიონის მიმართულებით ცეცხლი 23:20-ზე გახსნეს და 12 იანვრის 05:10-მდე სიტუაცია დაძაბული რჩებოდა. მათი თქმით, სომეხი სამხედროები იყენებდნენ სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლ იარაღს, მათ შორის მაღალი კალიბრის ტყვიამფრქვევებს. სროლების შედეგად დაიღუპა ერთი აზერბაიჯანელი სამხედრო.

აზერბაიჯანი სომხეთს სამმხრივი მოლაპარაკებებით (აზერბაიჯანი-სომხეთი-რუსეთის მოლაპარაკებები) აღებული პასუხისმგებლობების დარღვევაში ადანაშაულებს.

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება დაძაბულია მას შემდეგ, რაც ბაქომ ერევანი 2020 წლის ყარაბაღის კონფლიქტის დროს დაამარცხა და მთიანი ყარაბაღის ტერიტორიების ნაწილზე კონტროლი აღადგინა. მხარეებს შორის ცეცხლის გახსნის შემთხვევების ფაქტები რეგულარულად ხდება.

კომენტარები