საპროტესტო აქციები ყაზახეთში

ბლინკენი ყაზახეთზე: როცა რუსები შენთან არიან, ზოგჯერ რთულია მათ სახლი დაატოვებინო

ენტონი ბლინკენი
CNN

აშშ-ს სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს ყაზახეთის მიერ გარე ძალების დახმარების თხოვნასთან დაკავშირებით კითხვები აქვს.

"ჩემი შეხედულებით, ყაზახეთის ხელისუფლებასა და მთავრობას ნამდვილად აქვს პროტესტების სათანადოდ გამკლავების შესაძლებლობა, ისე, რომ დაიცვან დემონსტრანტების უფლებები, თან კი კანონი და წესრიგი შეინარჩუნონ. ასე რომ, გაუგებარია რატომ გრძნობენ გარე დახმარების აუცილებლობას", – თქვა ბლინკენმა. 

ბლინკენმა იმედი გამოთქვა, რომ ყაზახეთი გადაჭრის ფუნდამენტურ ეონომიკურ და პოლიტიკურ პრობლემებს, რამაც პროტესტი გამოიწვია. 

"თანამედროვე ისტორიის ერთი გაკვეთილია, რომ როცა რუსები შენთან მოვლენ, ზოგჯერ ძალიან რთულია მათ სახლი დაატოვებინო", – დაამატა ბლინკენმა. 

ბლინკენის ეს კომენტარი ყაზახეთში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) ჯარების გაგზავნას ეხება.

ბლინკენის ამ სიტყვებს სოციალური ქსელი Telegram-ის არხზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ "თავხედობა" უწოდა.

ყაზახეთში, 5 იანვარს დაძაბულობის ზრდის ფონზე, ქვეყნის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა სიტუაციასთან გამკლავებისთვის დახმარება კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას (ОДКБ) სთხოვა, რაზეც თანხმობა მიიღო.

ОДКБ რამდენიმე პოსტსაბჭოთა ქვეყნის სამხედრო ალიანსია, რომელსაც რუსეთი ხელმძღვანელობს. მისი ამჟამინდელი წევრები არიან: რუსეთი, სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი. ОДКБ-ს წევრი იყო საქართველოც, 1999 წლამდე. ამ ორგანიზაციის ყოფილი წევრები არიან აზერბაიჯანი და უზბეკეთიც.


ყაზახეთში მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე მთავრობა გადადგა. გადაწყვეტილება ქვეყნის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა მიიღო.

საპროტესტო აქციები მანგისთაუს ოლქში საწვავის ფასის გაძვირების გამო 2 იანვარს დაიწყო. პირველ იანვარს ერთი ლიტრი თხევადი გაზის ფასი 50-60 ტენგედან 120 ტენგემდე გაიზარდა. რეგიონში საწვავად ძირითადად თხევად გაზსს იყენებენ.

მოგვინებით აქციები გაიმართა ქვეყნის დიდ ქალაქებშიც, მათ შორის, აქთაუში, ალმათიში და დედაქალაქ ნურ-სულთანშიც. საწვავის ფასების დაწევის მოთხოვნას მალევე მთავრობის გადადგომის მოთხოვნა დაემატა. რამდენიმე ქალაქში აქციები პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. 

მთავრობა გადადგა, პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ თოყაევი კი დემონსტრანტებს ცვლილებებს დაჰპირდა, თუმცა ამისდა მიუხედავად საპროტესტო ტალღა არ შეწყვეტილა.

ქალაქ ალმათიში დემონსტრანტებმა დაიკავეს მერიის შენობა.

საგანგებო მდგომარეობა გამოცხადებულია მთელ ქვეყანაში.

ქვეყნის პრეზიდენტი, ყასიმ-ჟომართ თოყაევი აცხადებს, რომ ის დედაქალაქის დატოვებას არ აპირებს. მისი განცხადებით, ის გაუძღვება ყაზახეთის უშიშროების საბჭოს. ეს პოზიცია სამუდამო ვადით ებარა ყაზახეთის პირველ პრეზიდენტსა და გავლენიან პოლიტიკურ ფიგურას, ნურსულთან ნაზარბაევს.

კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციამ (ОДКБ) ყაზახეთში ძალების გაგზავნის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ყაზახეთში დაძაბულობის ზრდის ფონზე, ქვეყნის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა სიტუაციასთან გამკლავებისთვის დახმარება  სთხოვა, რაზეც თანხმობა მიიღო. რუსეთმა, ОДКБ-ს მისიის ფარგლებში, ყაზახეთში სამხედროების შეყვანა დაიწყო.

Reuters-თან საუბარში ყაზახმა დისიდენტმა, ბანკირმა, პოლიტიკური პარტიის – ყაზახეთის დემოკრატიული არჩევნის ლიდერმა და ყაზახეთის ენერგეტიკის ყოფილმა მიინისტრმა, მუხთარ აბლიაზოვმა თავს ოპოზიციის ლიდერი უწოდა და დასავლეთს დახმარებისკენ მოუწოდა.

კომენტარები