საკრებულო

კობერიძე: საპატრიარქო მერიას სთხოვს, აჩუქროს ბაგა-ბაღების ტექნიკა, ჯამში 35 000-მდე ლარის

ცოტნე კობერიძე
ტაბულა

თბილისის საკრებულოს დეპუტატისა და გირჩი – მეტი თავისუფლების წევრის, ცოტნე კობერიძის ინფორმაციით, კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი მერიას სთხოვს, N13, N43 და N47 საბავშვო ბაგა-ბაღების შენობაში განთავსებული ტექნიკა აჩუქონ. კობერიძე წერს, რომ მოთხოვნილი ქონება, დაახლოებით, 35 000 ლარის ღირებულებისაა.

"თავიდან ვიფიქრე, ალბათ, რაღაც ჭოჭიალა, კუბიკები და სათამაშოებია-მეთქი, საპატრიარქოს ბავშვთა სახლისთვის ენდომება ან რამე ეგეთი, მაგრამ ამ სამი ბაღის ქონებიდან საპატრიარქომ მოითხოვა და მერიამაც კალაძის თანხმობით უძღვნა გაზქურები, 8 800-ლარიანი ელექტრო ქურა, 3 300-ლარიანი ელექტო ქურა, ტელევიზორი, კამერები, კედლის კარადა ვიდეოთვალის, ჩამწერები, მონიტორები, დივიდი, მსგავსი ტექნიკები მოკლედ. ჯამში 35 ათას ლარამდე ღირებულების მოძრავი ქონება.

აი, ვინმეს გჯერათ თქვენ რომ საჩუქრად მოითხოვოთ მსგავსი რამეები და მერია გაჩუქებთ? ცხადია, არა რად უნდა ინსტიტუტს, რომელსაც 25 მილიონს, უამრავ უძრავ ქონებებს ჩუქნის სახელმწიფო, ამ საახალწლოდ კიდევ ჩვენი ბაღებიდან მიეცეს ტექნიკა საჩუქრად, კალაძე ვერ აჩუქებს საკუთარი ჯიბიდან? შავ ჯიპიან ეპისკოპოსებზე გაჭირვებული არავინ გვყავს რომ განვაკერძოვოთ და იმათ მივცეთ ის მოძრავი ქონებები რაც არ სჭირდება ბაღებს? აი, ხომ ვითომ არაფერი მაგრამ ძალიან სიმბოლურია მერია-საკრებულო რომ იკრიბება და ტექნიკას ჩუქნის საპატრიარქოს, ხომ ვიცით, რომ თვითონაც შეუძლიათ იყიდონ, აქვთ მაგდენი ფული, თვითონ თუ არ შეუძლია, ვისაც უნდა იმან უყიდოს არსებული საკრებულოდან და მერიიდან, ამ ბაღებში რომ ბავშვები დადიან ან დადიოდნენ, იმათ მშობლებს რომ მივცეთ, არ ჯობია?"

კობერიძე წერს, რომ მოთხოვნას საკრებულოში კენჭი, სავარაუდოდ, ორშაბათს, 27 დეკემბერს ეყრება.

კომენტარები