ჰერალდიკის საბჭო

ჰერალდიკის საბჭო: ახლად აღმოჩენილი მონეტა ხუთჯვრიან დროშას დავით აღმაშენებელთან აკავშირებს

ჰერალდიკის საბჭო

ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს ინფორმაციით, ახლად აღმოჩენილ სპილენძის მონეტას, რომელიც მოჭრილია საქართველოს მეფის დავით აღმაშენებლის დროს და რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ამოიღო, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს სახელმწიფო დროშის ისტორიისათვის. 

მათი ინფორმაციით, აღმოჩენამ შესაძლებელი გახადა საქართველოს სახელმწიფო დროშის უტყუარად დაკავშირება მეფე დავით აღმაშენებელთან. 

"საქართველოს დროშის ხუთჯვრიანი კომპოზიცია ამ დრომდე დაფიქსირებული იყო მხოლოდ ევროპულ საზღვაო რუკებზე (XIV-XVI სს.), თბილისისა და სებასტოპოლის (დღევანდელი სოხუმის) ადგილას, ხოლო ნუმიზმატიკურად მოგვეპოვებოდა თამარ-დავითის მონეტაზე (XIII ს.).

აღმოჩენამ შესაძლებელი გახადა საქართველოს სახელმწიფო დროშის უტყუარად დაკავშირება მეფე დავით აღმაშენებელთან (XII ს.), რადგან მონეტის უკანა პირზე (რევერსზე) დატანილია დაქარაგმებული ხუთჯვრიანი კომპოზიცია. ასეთი კომპოზიცია არ გააჩნია მსოფლიოსთვის დღემდე ცნობილ დავით აღმაშენებლის ორიდან არცერთ მონეტას, რომელიც დაცულია საქართველოს სახელმწიფო და ბრიტანეთის მუზეუმებში.

ახლად აღმოჩენილი ისტორიული არტეფაქტი კულტურული მემკვიდრეობის ფასდაუდებელი ძეგლია და უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოს - საქართველოს სახელმწიფო დროშის ისტორიული დასაბუთებისათვის".- აღნიშნულია განცხადებაში.

სუს-მა უნებართვო არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად მოპოვებული დავით აღმაშენებლის პერიოდის მონეტა, 12 ბეჭედი, ბრინჯაოს გულსაკიდი ზანზალაკი, 6 ორიგინალი ღილი და სხვადასხვა პერიოდის მონეტა ამოიღო. უწყების ცნობით, აღნიშნული მონეტებიდან 3 ნივთი წარმოადგენს საბჭოთა პერიოდს (XX ს.), 3 მონეტა თარიღდება XIII  საუკუნით.

კომენტარები