ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე საუბრისას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა პეკინის ოლიმპიადის დასავლური ქვეყნების დიპლომატიურ ბოიკოტთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ პოლიტიკური მიზნებით სპორტის გამოყენება ჩინეთის შეკავების მცდელობაა.
"ესაა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განვითარების შეჩერების მცდელობა. [..] მთავარი მიზანია, არ მისცენ კონკურენტს თავის აწევის საშუალება. [...] ჩინეთს ვერ შეაკავებენ, ის აუცილებლად გახდება მსოფლიოს პირველი ეკონომიკა." – თქვა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტმა ჩინეთის შეკავების მცდელობაზე საუბრისას მაგალითად მოიყვანა NATO-ს გაფართოება აღმოსავლეთით, რომელსაც, პუტინის თქმით, იგივე, რუსეთის შეკავების მიზანი ჰქონდა.
ჩინეთზე საუბრისას პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი ჩინეთთან მეგობარივით ურთიერთობს და ორ ქვეყანას შორის ძალიან კარგი ურთიერთობებია.
"ჩვენ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის წარმომადგენლებთან ყოველთვის მეგობრებივით ვურთიერთობთ. ასეცაა, ჩვენ ძალიან კარგი ორმხრივი პირადი ურთიერთობები ჩამოგვიყალიბდა და ეს საქმეში გვეხმარება. ეკონომიკის სფეროში აზია სწრაფად ვითარდება. ჩინეთი უპირობოდ ლიდერია. ბუნებრივია, ჩვენ ამ მიმართულებით ვანვითარებთ ურთიერთობებს." – თქვა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ჩინეთი და რუსეთი სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობენ, მათ შორის ჰუმანიტარულ სფეროში, "რაც ბუნებრივია აერთიანებს ადამიანებს".





