მიხეილ სააკაშვილი

ლომჯარია სააკაშვილზე: ფსიქოტროპულებს ამხელა ყურადღებას ნუ დაუთმობთ, ერთიანად უნდა შეფასდეს

კადრი ვიდეოდან / TV პირველი

სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ და მის მიერ შექმნილმა სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის წევრებმა გორის სამხედრო ჰოსპიტალში ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოინახულეს. ნინო ლომჯარიას თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობაზე საუბრისას ძალიან დიდი აქცენტი კეთდება მხოლოდ ფსიქოტროპული მედიკამენტების საკითხზე, თუმცა პრობლემები ერთიანად უნდა შეფასდეს.

ლომჯარიას თქმით, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნას გამოაქვეყნებს.

"ძალიან დიდი აქცენტები კეთდება მხოლოდ ფსიქოტროპულ საკითხებზე, თუმცა პრობლემები მრავალმხრივია, რომელსაც ერთიანობაში სჭირდება შეჯერება, განხილვა და ერთიანი სურათის დანახვა. მხოლოდ ერთი კონკრეტული პრობლემა არ არის მისი ჯანმრთელობის პრობლემა. ამიტომ, ჩემი თხოვნაც იქნება, რომ მაინცდამაინც ამ საკითხზე ამხელა ყურადღებას ნუ გაამახვილებთ. ყველაფერი ერთობლიობაში უნდა შეფასდეს და ვეცდებით, რომ ძალიან მალე ჩვენი დასკვნა იყოს". – თქვა ლომჯარიამ.

ომბუდსმენის აპარატის მიერ შექმნილი ექსპერტთა ჯგუფის წევრის, ფსიქიატრ მარინე კურატაშვილის თქმით, ერთ-ერთი ფსიქოტროპული მედიკამენტი, კეტილეპტი მას გაზრდილი დოზით არ მიუღია, ხოლო უცხოელი ექიმის მიერ დანიშნულ ქსანაქსს კვლავაც იღებს. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილს სჭირდება როგორც მედიკამენტოზური, ასევე ფსიქოთერაპიული მკურნალობა.

20 ნოემბერს, შიმშილობის 50-ე დღეს მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო კლინიკაში გადაიყვანეს, რის შემდეგაც მან შიმშილობა შეწყვიტა. ექსპრეზიდენტი 8 ნოემბერს, შიმშილობის 39-ე დღეს რუსთავის N12 პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის N18 მსჯავრდებულთა საავადმყოფოში გადაიყვანეს. კლინიკაში მისი გადაყვანის შესახებ არც მისი ადვოკატები და არც ოჯახის წევრები ინფორმირებულები არ ყოფილან. მოგვიანებით გავრცელდა კადრები, რომლებშიც ჩანს, რომ სააკაშვილი გლდანის ციხეში ძალის გამოყენებით გადაიყვანეს.

მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის თქმით, გორის ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილისთვის მიწოდებული ფსიქოტროპული მედიკამენტების დოზა არ აღემატება ზოგად თერაპიულ დოზას, თუმცა ისინი შეუსაბამო იყო სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან.

ცენტრ ემპათიის ხელმძღვანელის, მარიამ ჯიშკარიანის თქმით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს პოსტტრავმული სტრესული აშლილობა​ აქვს, რაც პენიტენციურ სისტემაში წამების ფაქტთანაა დაკავშირებული. 5 დეკემბერს სააკაშვილის პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ თქვა, რომ იგეგმებოდა სააკაშვილისთვის გორის სამხედრო ჰოსპიტალის მიერ დანიშნული საძილე პრეპარატების დოზების გაზრდა და ათჯერ მეტი დოზის გამოყენება, რაც უფრო მეტ სისუსტეს და მდგომარეობის გაუარესებას გამოიწვევდა.

კომენტარები