ბოსნია-ჰერცეგოვინა

ბოსნიაში სერბმა დეპუტატებმა საკუთარი ჯარისა და სასამართლოს გამოყოფას მისცეს ხმა

ბოსნია-ჰერცეგოვინის სერბთა რესპუბლიკის ლიდერი, მილორად დოდიკი
Reuters

ბოსნია-ჰერცეგოვინის ავტონომიური ერთეულის, სერბთა რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის დეპუტატებმა ხმა მისცეს საკუთარი შეიარაღებული ძალების, სასამართლოსა და საგადასახადო სისტემის ბოსნიის სტრუქტურისგან გამოყოფას. კრიტიკოსები ამ სვლას სეცესიისკენ მიმავალ გზად მიიჩნევენ.

ეს სამი ინსტიტუცია, რომელთა გამოყოფაც ბოსნიელ სერბებს სურთ, არის ქვეყნის ერთიანი უსაფრთხოებისა და კანონის უზენაესობის მთავარი საყრდენი. 

ხმის მიცემის შედეგები არასავალდებულოა და არაა საბოლოო გადაწყვეტილება ბოსნია-ჰერვეგოვინიდან სერბთა ჯარის, სასამართლოსა და საგადასახადო სისტემის შესახებ. ამ პროცესის სრულად განხორციელებას სჭირდება სერბთა რესპუბლიკის პარლამენტის ზედა პალატის ნებართვა. დეპუტატებმა რეგიონალურ მთავრობას მისცეს ნება, მომდევნო ექვს თვეში შეიმუშაონ ჯარის, სასამართლო და საგადასახადო სისტემის ახალი კანონები, ბოსნია-ჰერცეგოვინის არსებული სამართლებრივი აქტების ჩასანაცვლებლად. 

ბოსნიელი სერბების ოპოზიციურმა ჯგუფებმა, პროტესტის ნიშნად, დარბაზი ხმის მიცემის დაწყებამდე დატოვეს. 

"ეს არის სერბთა რესპუბლიკისთვის თავისუფლების ბრძოლით მოპოვების მომენტი. ბოსნია ექსპერიმენტია... მე არ მჯერა მისი გადარჩენის, რადგან მას გადასარჩენად შინაგანი შესაძლებლობა არ აქვს", – თქვა ბოსნიელი სერბების ლიდერმა, მილორად დოდიკმა. 

დოდიკის პარტიას – დამოუკიდებელ სოციალ-დემოკრატთა ალიანსსა და მის მოკავშირეებს რეგიონალურ, 83-ადგილიან პარლამენტში უმრავლესობა უკავიათ. მათ ინსტიტუციებიდან გამოყოფის ინიციატივა 48 ხმით მოიგეს. 

მილორად დოდიკს სურს, რომ ბოსნია-ჰერცეგოვინის შემადგენლობაში მყოფი სერბთა რესპუბლიკა 1995 წლის, ომამდელ კონსტიტუციას დაუბრუნდეს. 

ფაქტი დაგმო აშშ-მ, გერმანიამ, საფრანგეთმა, გაერთიანებულმა სამეფომ, იტალიამ და ევროკავშირის დელეგაციამ. 


გაერო-ში ბოსნია-ჰერცეგოვინას უმაღლესი წარმომადგენლის, ქრისტიან შმიდტის თქმით ბოსნია-ჰერცეგოვინაში ახალი კონფლიქტისა და ქვეყნის გაყოფის შესაძლებლობა რეალურია. ის ამის შესახებ გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოსთვის გაგზავნილ ანგარიშში საუბრობს.

ბოსნია-ჰერცეგოვინის სახელმწიფოში გაერთიანებულია ორი პოლიტიკური ერთეული: სერბთა რესპუბლიკა და ბოსნია-ჰერცეგოვინის ფედერაცია. შმიდტის ანგარიშამდე, 14 ოქტომბერს ბოსნიელი სერბების ლიდერმა, მილორად დოდიკმა გააჟღერა მუქარა სახელმწიფო ინსტიტუციებიდან სერბთა რესპუბლიკის ორგანოების გამოყოფის შესახებ. მუქარა მოიცავდა ბოსნია-ჰერცეგოვინის შეიარაღებული ძალებიდან ეთნიკური სერბების გამოყოფასაც. დოდიკის თქმით, ის ამ შემთხვევაში, ბოსნიის ძალებს სერბთა რესპუბლიკის დატოვებას აიძულებდა, მათი ყაზარმების ალყაში მოქცევით. ასევე დაამატა, რომ თუ დასავლეთი ინტერვენციას შეეცდებოდა, მას ჰყავს "მეგობრები", რომლებიც დახმარებას დაჰპირდნენ. მეგობრებში მან ტრადიციული მოკავშირეები, სერბეთი და რუსეთი იგულისხმა. 

"დაყოფისა და კონფლიქტის შესაძლებლობა დიდია", – წერს ქრისტიან შმიდტი ანგარიშში და ამატებს, რომ ბოსნია-ჰერცეგოვინისთვის ეს, ომის შემდეგ პერიოდში, ყველაზე დიდი საარსებო საფრთხეა.

შმიდტი წერს, რომ თუკი მუქარები განხორციელდება, ეს "აბსოლუტურად გამოუთხრის ძირს სახელმწიფოს ფუნქციონირებისა და კონსტიტუციური ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას". 

შმიდტის შეფასებით, დოდიკის მუქარა, შესრულების შემთხვევაში, გაუტოლდება სეცესიას, ამის გამოცხადების გარეშე და თუ საერთაშორისო საზოგადოება ამას არ უპასუხებს, საფრთხე ექმნება 1995 წლის დეიტონის ზავს, შეთანხმებას, რომლის საფუძველზეც ბოსნია-ჰერცეგოვინასა და სერბეთს შორის ომი შეწყდა. 

შმიდტი გაერო-ს აფრთხილებს, რომ თუკი ეთნიკური სერბები ბოსნია-ჰერცეგოვინის არმიას გამოეყოფიან, საჭირო გახდება რეგიონში მეტი სამშვიდობოების გაგზავნა, რათა თავიდან აიცილონ ახალი ომი. ამჟამად, ბოსნია-ჰერცეგოვინაში საერთაშორისო სამშვიდობო დავალებას ევროკავშირის სპეციალური ჯგუფი, EUFOR-ი ასრულებს, რომელიც 600-700-კაციანი კონტინგენტისგან შედგება. ასევე, ფორმალურად წარმოდგენილია NATO-ც, რომელსაც სარაევოში შტაბბინა აქვს. 

გასულ თვეში ბოსნიის სერბების პოლიციამ ჩაატარა "კონტრ-ტერორისტული ვარჯიშები", იაჰორინას მთაზე. ამ მთას სერბეთის ძალები, 1992-1995 წლებში, სარაევოს ალყის დროს, ქალაქზე საარტილერიო ცეცხლის გასახსნელად იყენებდნენ. 

შმიდტი ფიქრობს, რომ შესაძლოა მოხდეს შეტაკებები ბოსნიის სამართალდამცველ ორგანოებსა და სერბულ პოლიციას შორის. 

ბოსნიის ომი 1992 წელს, იუგოსლავიის დაშლის შემდეგ დაიწყო, როდესაც ბოსნიელმა სერბებმა, იუგოსლავიის ჯარების დახმარებით, სცადეს ეთნიკურად სუფთა ტერიტორიების შექმნა და სერბეთთან გაერთიანება. ამავეს ცდილობდნენ ბოსნიელი ხორვატებიც, ხორვატიის დახმარებით. 

ომი მუსლიმ ბოსნიელებს, მართლმადიდებელ სერბებსა და კათოლიკ ხორვატებს შორის 1995 წელს აშშ-ს შუამავლობით გაფორმებული დეიტონის შეთანხმებით დასრულდა. ზავის შედეგად, ერთ ქვეყანაში გაერთიანდა ორი ადმინისტრაციული ერთეული: სერბული უმრავლესობის სერბთა რესპუბლიკა და ბოსნიელებისა და ხორვატების უმრავლესობის ბოსნია-ჰერცეგოვინის ფედერაცია

კომენტარები