თბილისის მერია

მერიამ იპოდრომთან ე.წ. ჩოგბურთის კორტები გაყიდა – ინვესტორს 5 მილიონის დახარჯვა მოუწევს  

ყოფილი იპოდრომის მიმდებარე ე.წ. კორტების ტერიტორია

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, საბურთალოზე, ცენტრალურ პარკთან (ყოფილი იპოდრომი) მდებარე ე.წ. ჩოგბურთის კორტების ტერიტორია აუქციონზე გაიყიდა და ინვესტორს 5 მილიონი ლარის დახარჯვა მოუწევს. 

"იპოდრომთან მდებარე ჩოგბურთის კორტების ყოფილი ტერიტორია წინა ხელისუფლების პერიოდში, როდესაც დედაქალაქს სხვა გადმოსახედიდან უყურებდნენ, გასხვისდა და იქ კორპუსების აშენება იგეგმებოდა.   

ჩვენი ხელისუფლების პირობებში, უშუალოდ ჩემი მონაწილეობით, ეს ტერიტორია დავიბრუნეთ. შევიმუშავეთ კონცეფცია, თუ როგორ უნდა განვითარდეს ეს სივრცე. გამოვაცხადეთ აუქციონი. პირობა იყო მარტივი – განხორციელებულიყო ჩოგბურთის კორტების მოწყობის პროექტი.

გვყავს გამარჯვებული კომპანია, შპს კორტები. მას გადაეცემა საკუთრების უფლება და ექნება ვალდებულება, რომ განახორციელოს 5 მილიონი ლარის მოცულობის ინვესტიცია, მოაწყოს არანაკლებ სამი საჩოგბურთო კორტი, ასევე, სპორტული დანიშნულების და მასთან დაკავშირებული სივრცეები ხელშეკრულების გაფორმებიდან ორი წლის ვადაში". –  თქვა დედაქალაქის მერმა. 

შეგახსენებთ, რომ ყოფილ იპოდრომთან მდებარე 7 174 კვ. მეტრის მოცულობის ტერიტორია 2009 წელს გასხვისდა და იქ საცხოვრებელი კორპუსები უნდა აშენებულიყო, თუმცა თბილისის მერიამ ის კერძო მფლობელისგან 2020 წელს დაიბრუნა. კომპანია სიმეტრიას ე.წ. კორტების სანაცვლოდ საბურთალოსა და ჩუღურეთის რაიონებში უძრავი ქონება გადაეცა. 
 

 

კომენტარები