ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმე

გერმანიის პროკურატურა ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებულისთვის უვადო პატიმრობას ითხოვს

რადიო თავისუფლება

გერმანიის პროკურატურა საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებული რუსეთის მოქალაქისთვის, ვადიმ კრასიკოვისთვის უვადო პატიმრობას შეფარდებას ითხოვს. ბრალდებულმა ხანგოშვილი 2019 წელს ბერლინში, ერთ-ერთ პარკში ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით მოკლა.

პროკურატურა მოითხოვს, რომ სასამართლომ ბრალდებული ვადიმ კრასიკოვი განზრახ მკვლელობასა და იარაღის უკანონოდ ტარებაში დამნაშავედ მიიჩნიონ.


საქართველოს მოქალაქე, ზელიმხან ხანგოშვილი 2019 წლის 23 აგვისტოს მოკლეს ბერლინში. მკვლელობაში ბრალდებით დაპატიმრებულს კი რუსეთის ფედერაციის პასპორტი აღმოაჩნდა, რომელიც ვადიმ კრასიკოვის სახელზეა გაცემული.

ამ საკითხზე ჩატარებული რამდენიმე ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, კრასიკოვი ФСБ-ს სპეცრაზმის ვეტერანი და რამდენიმე გახმაურებული შეკვეთილი მკვლელობის ფიგურანტია.

გერმანიის ფედერალური პროკურატურის საბრალდებო დასკვნაში ნათქვამია, რომ კრასიკოვი რუსეთის ხელისუფლების დავალებით მოქმედებდა.

2020 წლის იანვარში ხანგოშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ განცხადებაში გერმანიის პროკურატურა საქართველოს მთავრობას პრორუსულად მოიხსენიებს.

"შეკვეთილი მკვლელობის მიზეზი გარდაცვლილსა და რუსეთის ხელისუფლებას შორის არსებული მტრული ურთიერთობებია. მოკლულს ასეთივე ურთიერთობები აკავშირებდა ჩეჩნეთისა და ინგუშეთის ადგილობრივ ხელისუფლებასთან და, ასევე, საქართველოს პრორუსულ მთავრობასთანაც", — ნათქვამია განცხადებაში. 

გერმანულმა მხარემ რუსეთს რამდენჯერმე მიმართა გამოძიებაში დახმარების თხოვნით, მაგრამ უშედეგოდ. 2019 წლის 4 დეკემბერს გერმანიამ ქვეყნიდან ორი რუსი დიპლომატი გააძევა. მოგვიანებით იგივე ზომები მიიღო მოსკოვმაც.

კომენტარები