კორონავირუსი საქართველოში

წერეთელი ტიკარაძეზე: აღიარება კარგია, თუმცა გადაწყვეტილებებით ფატალური შედეგი დანაშაულია

გიგი წერეთელი
ევროპული საქართველო

ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელი ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებას ფულად წახალისებასთან დაკავშირებით პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე გამოეხმაურა და განმარტა, რომ მინისტრის აღიარება კარგია, თუმცა ის გადაწყვეტილებები, რომლებსაც უამრავი ადამიანისთვის ფატალური შედეგი მოაქვს – დანაშაულია.

გიგი წერეთლის თქმით, ევროპულმა საქართველომ ჯანდასცვის სამინისტროსა და საკოორდინაციო საბჭოს აგვისტოში ვაქცინაციის ტემპის გასაზრდელად სხვა რეკომენდაციებთან ერთად წამახალისებელი მექანიზმები, მათ შორის, ფულადი წახალისება შესთავაზა, თუმცა სამინისტრომ ეს არ გაითვალისწინა.

"მოვისმინეთ ჯანდაცვის მინისტრის განცხადება, რომელმაც ბრძანა, წამახალისებელი მექანიზმები, ამ შემთხვევაში, ფულადი წახალისება რომ ამოქმედებულიყო უფრო ადრე, ბევრი სიცოცხლის გადარჩენას შევძლებდითო. გასაგებია ეს აღიარება, მაგრამ ცუდი და მძიმე ისაა, რომ ხელისუფლება ახორციელებს პოლიტიკას, რომელსაც ძალიან ცუდი შედეგები მოაქვს და მას არ უნდა გაიგოს არც აზრი, არც შეთავაზება, არც რეკომენდაცია და ყველაფერს აკეთებს ისე, როგორც თავად მიაჩნია და ხშირ შემთხვევაში ეს პოლიტიკური მოტივებითაა განპირობებული.

მაგალითისთვის, ჩვენ რამდენჯერმე შეთავაზების სახით აგვისტოში, ჯერ კიდევ 5 თვით ადრე, შევთავაზეთ სამი კონკრეტული ამბავი ჯანდაცვის სამინისტროს და საკოორდინაციო საბჭოს, ერთი, ეს იყო მასობრივი ვაქცინაციის გაზრდა, კამოპანია და მოძრავი მობილური ჯგუფების შექმნა, მეორე ეს იყო, გარკვეულ კატეგორიებში – საჯარო მოხელეები, პედაფოფები, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები და სხვა სფეროებში დასაქმებულებისთვის სავალდებულო ვაქცინაცია, ან მათი სისტემატური ტესტირება და მესამე ეს იყო სწორედ წამახალისებელი მექანიზმები, როგორც ფულადი, ასევე მაგალითად პედაგოგებისთვის 3-თვიანი საშემოსავლო გადასახადებებისგან გათავისუფლება... ეს ვთხოვეთ გაეთვალისწინებინათ, სამწუხაროდ ეს არ გაკეთდა და ახლა ვისმენთ, რომ გაკეთებულიყო ათასობით ადამიანის სიცოცხლე გადარჩებოდა.

მინდა ყველას ვუთხრა, რომ ეს აღიარება და სიმართლის თქმა შეიძლება კარგია, მაგრამ ის გადაწყვეტილებები, რომლებსაც უამრავია ადამიანისთვის ფატალური შედეგი მოაქვს, ესაა დანაშაული". – ამბობს გიგი წერეთელი.

ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ 3 დეკემბერს რუსთავი 2-თან ინტერვიუში თქვა, რომ ვაქცინაციის ტემპის გაზრდის მიზნით დაწესებული ფულადი წახალისება გაზაფხულზე რომ დაგეგმილიყო, "მაღალ რიცხვს გადაარჩენდნენ".

ცნობისთვის, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის შემთხვევაში, 1-ელ იანვრამდე პენსიონერი 200 ლარს იღებს. 

კომენტარები