მიხეილ სააკაშვილი

ქარტია: დაუშვებელია სასამართლომ მედიას სააკაშვილის პროცესზე დასწრების უფლება წაართვას

მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია აცხადებს, რომ დაუშვებელია სასამართლომ მედიას წაართვას უფლება დაესწროს და ადგილიდან გააშუქოს ქვეყნის ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი, ასევე მიუღებელია სხვადასხვა მედია არათანაბარ პირობებში ჩააყენოს.

ქარტია აცხადებს, რომ საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს სხდომათა დარბაზში დამსწრეთა, მათ შორის, ჟურნალისტების რაიმე ფორმით კვოტირებას.

"სრულიად გაუგებარია რა კრიტერიუმებით არ მისცა სასამართლომ უფლება მედიის ნაწილს დასწრებოდა და გაეშუქებინა სასამართლო სხდომა, რითაც, ერთი მხრივ,  შეზღუდა ჟურნალისტის უფლებები, მეორე მხრივ, კი საზოგადოებას წაართვა შესაძლებლობა ამ სასამართლო სხდომის შესახებ ინფორმაცია მიეღო სხვადასხვა წყაროდან.   

მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა და ის ხელმისაწვდომი იყო სხვა მედიებისთვისაც, სასამართლო დარბაზში მოხვედრილი ჟურნალისტების ნაწილს არ მიეცა აუდიოჩანაწერის გაკეთების უფლება, რაც ეწინააღმდეგება საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს კანონს, რომელიც ადგენს, რომ სასამართლო სხდომის დარბაზში მყოფ ნებისმიერ პირს აქვს უფლება, სასამართლოს მიერ წინასწარ გამოყოფილი ადგილიდან განახორციელოს სასამართლოს სხდომის აუდიოჩაწერა".- აღნიშნულია განცხადებაში. 

ქარტია აცხადებს, რომ სასამართლო ვალდებულია უზრუნველყოს პროცესის საჯაროობა ყველა ჟურნალისტისთვის და სასამართლო სხდომაზე დამსწრეთა შერჩევის შემთხვევაში იხელმძღვანელოს თანაბრობის პრინციპით. 

კომენტარები