განათლება

გასულ სასწავლო წელს საქართველოში სწავლა 7 050-მა მოსწავლემ შეწყვიტა

Hannah McKay/Reuters

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020/2021 სასწავლო წლის განმავლობაში, სწავლა შეწყვიტა 7 050 მოსწავლემ, რაც 14.5%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. იმ მოსწავლეთა შორის, რომელთაც სწავლა შეწყვიტეს, 42.8% გოგოა, ხოლო 57.2% - ბიჭი. ყველაზე მეტი მოსწავლე სწავლას მე-9 კლასიდან მე-12 კლასის ჩათვლით წყვეტს.

საქსტატის თანახმად, 2021/2022 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოში სულ 2 308 (სკოლა) იყო, მათ შორის 2 086 საჯარო, ხოლო 222 კერძო. რეგიონების მიხედვით, ყველაზე მეტი სკოლა (17.2%) იმერეთშია.

საქართველოს სკოლებში ჯამში 624.5 ათასი მოსწავლე სწავლობს, რაც წინა სასწავლო წლის მაჩვენებელს 2.5%-ით აღემატება. საჯარო სკოლებში მოსწავლეთა საერთო რიცხოვნობის 90.4% სწავლობს, ხოლო კერძო სკოლებში - 9.6%. მოსწავლეთა 48% გოგოა, ხოლო 52% - ბიჭი. რეგიონებს შორის, ყველაზე მეტი მოსწავლე (35.1%) თბილისში სწავლობს.

2021 წელს საშუალო სკოლა დაასრულა 38 734 მოსწავლემ, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 1.3%-ით აღემატება. დაწყებითი განათლება მიიღო 47 617 მოსწავლემ, ხოლო საბაზო განათლება - 44 832 მოსწავლემ, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 10.9%-ით ჩამორჩება.

რაც შეეხება პედაგოგებს, 2021/2022 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, სკოლებში დასაქმებული იყო 62 981 პედაგოგი. მასწავლებელთა დიდ უმრავლესობას ქალები შეადგენენ, კერძოდ, პედაგოგების რიცხოვნობაში ქალების წილი 87.2%, ხოლო კაცების წილი 12.8%-ია.

კომენტარები