კორონავირუსი საქართველოში

ჩხაიძე: წარმოუდგენელია უვადო მწვანე სტატუსზე ლაპარაკი, COVID 19 არ არის წითელა, რომ მოიხადო

საკოორდინაციო საბჭოზე ამირან გამყრელიძის პოზიცია მკაფიოდ იყო დაფიქსირებული 6-თვიან ვადასთან დაკავშირებით. ეს არის ის უნივერსალური ვადა, რომელიც მიღებულია ყველა ქვეყანაში. არცერთი ქვეყანა არ აფიქსირებს 1-წლიან პერიოდს. საერთოდ წარმოუდგენელია ილაპარაკო უვადოზე, ეს მგონი რაღაც ტექნიკური ხარვეზი ან გაუგებრობაა. აუცილებლად ეს  გასწორდება, კორონავირუსი არ არის წითელა, რომ გადაიტანო და მთელი ცხოვრება თავისუფალი იყო. კორონავირუსი ამ დაავადებისგან ძალიან განსხვავდება. ეს ერთ-ერთი ნაწილია, რომელიც აუცილებლად უნდა შეიცვალოს. ამ მხრივ საკოორდინაციო საბჭოს პოზიცია და საბოლოო გადაწყვეტილება დიამეტრიულად განსხვავდება სამედიცინო ხედვისგან.

ის კვლევები, რომელიც დღეს არის ჩატარებული კორონავირუსის გადატანიდან 6-8-თვიანი პერიოდის შემდეგ, დამცველობითი ძალები კლებულობს და რეინფიცირების რისკი მატულობს. ამიტომ არის 6-თვიანი პერიოდი და ეს უნდა იყოს რეალურად საქართველოში გამოყენებული.

პალიტრანიუსის ეთერში ასე აფასებს იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი ივანე ჩხაიძე საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას, რომ კოვიდგადატანილებს მწვანე სტატუსი უვადოდ მიენიჭოთ. აღსანიშნავია, რომ ეს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივა იყო. 

კომენტარები