პრემიერმინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ონლაინ კაზინოების რეგულაციასთან და შემდგომ აკრძალვასთან დაკავშირებით, საქართველოს საპატრიარქო მიესალმება. ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე საკუთარ Facebook გვერდზე წერს.
"სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს ჯანსაღი თაობის აღსაზრდელად. ამ ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივის რელობად ქცევა წლების განმავლობაში ვერ ხერხდებოდა.
25 წლამდე ახალგაზრდების დაცვა გემბლინგის სენისაგან შედეგს მყისიერად გამოაჩენს. 20-25 წლამდე ასაკის დასაქმებული ახალგაზრდების რაოდენობა უკანასკნელი წლების განმავლობაში მზარდი ტემპით კლებულობდა, ხოლო იგივე ასაკის ადამიანების სათამაშო ბიზნესში ჩართულობა იზრდებოდა.
მისასალმებელია აზარტული თამაშების რეგულაციისაკენ გადადგმული პრემიერის ეს ნაბიჯი. იმედია დროთა განმავლობაში სხვა დამცავი მექანიზმების ჩართვაც შესაძლებელი გახდება, რაც დაიცავს ჩვენს ახალგაზრდებს და ზოგადად ოჯახებს ამ სენისაგან". – წერს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.
პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ პირველ ეტაპზე ონლაინ კაზინოებისთვის გადასახადების გაზრდას ფიქრობენ, ასევე რეკლამის აკრძალვას და ბარიერის 25 წლამდე აწევას, ხოლო, მეორე ეტაპზე სრულად უნდა აიკრძალოს ონლაინ კაზინოები.