მიხეილ სააკაშვილი

წერეთელი სააკაშვილზე: დღევანდელმა გვაჩვენა, რომ პროცესი რისკის ზონაში შევიდა

გიგი წერეთელი
ევროპული საქართველო

ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, გიგი წერეთელმა გააკეთა კომენტარი ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით. მისი თქმით, დღევანდელმა შემთხვევამ გვაჩვენა, რომ შიმშილობის პროცესი სახიფათო ფაზაში შევიდა, ხელისუფლების ხისტი პოზიცია კი გაუგებარია.

"დღევანდელმა გვაჩვენა, რომ ყველა ის პროგნოზი რაც აქამდე კეთდებოდა, კომპეტენტური ადამიანების, ექიმების, გულშემატკივრებისა და მათ მხრიდან, ვისაც ესმის, რომ [შიმშილობიდან] 48 დღის შემდეგ ადამიანის ორგანიზმში ბევრი რამ ცუდისკენ იცვლება.

მიხეილ სააკაშვილის ამ ეპიზოდმა დაგვანახა, რომ პროცესი დიდი რისკის ზონაში შევიდა. თუ უახლოეს დროში, 24 საათის განმავლობაში არ მოხდა გადაყვანა, შესაძლოა განმეორდეს. შემდეგ როგორი გამოსავალი ექნება ასე დასუსტებულ ორგანიზმს ამ ყველაფრისგან რთული სათქმელია და არ არსებობს მედიკოსი, რომელიც ამის ზუსტ პროგნოზს გააკეთებს", – ამბობს გიგი წერეთელი.

მან ასევე დაამატა, რომ მძიმე არის ელენე ხოშტარიას მდგომარეობაც და ასევე დამძიმდება სხვა ადამიანთა ჯანმრთელობაც, ვინც შიმშილი დაიწყო.

ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის თქმით, გაუგებარია ხელისუფლების ხისტი პოზიცია, რომელიც, მისი აზრით, აღრმავებს მძიმე მდგომარეობას.

"ხელისუფლებას შეუძლია ეს გადაწყვეტილება მიიღოს და ეს სიჯიუტე, გაუგებარი სიხისტე და ხშირად თავხედური განცხადებები უფრო აღრმავებს ქვეყნის მძიმე მდგომარეობას", – ამბობს წერეთელი.

"რაიმე გონივრულს არ ველოდებით ხელისუფლებისგან. ეს არის უფრო მეტად დაძაბვის პოლიტიკა. მაინც ვიტოვებ იმედს, რომ ახლა რაღაც გადაწყვეტილება იქნება მიღებული", – უპასუხა გიგი წერეთელმა ჟურნალისტების დასმულ შეკითხვას, თუ რას მოელის ის.

დღეს, სააკაშვილის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ თქვა, რომ ადვოკატებთან შეხვედრის შემდეგ  ექსპრეზიდენტი ცუდად გახდა და "მოსხლეტით წაიქცა". 

"მიშა ადვოკატებთან შეხვედრის შემდეგ უნდა ასულიყო ზემოთ და ოთახში რომ გამოდიოდა, მოსხლეტით წაიქცა. რამდენიმე წუთში საკაცე ჩამოიტანეს. თვალებს ვუხსნიდი. გადააწვინეს საკაცეზე, ამ წუთას არ ვიცი რა ხდება. მანამდე ვესაუბრეთ, ძალიან მძიმედ იყო მიშა როცა ვხვდებოდით. 10 წუთია რაც აიყვანეს დაახლოებით. როცა წაიქცა, იქ წაქცეულზე, ხელით ვუხსნიდი თვალებს. არ ვიცი სად აიყვანეს. არ ვიცი". - თქვა ბექა ბასილაიამ. 

პენიტენციური დაწესებულების რეანიმატოლოგის თქმით, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის სასიცოცხლო მაჩვენებლები გამოსწორებულია, თუმცა ტოვებენ რეანიმაციულ განყოფილებაში, რადგან მას მონიტორინგი სჭირდება.


სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა სპეციალისტთა ჯგუფმა მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობის მონიტორინგის შედეგების შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა. მათი განცხადებით, პაციენტის მდგომარეობის კრიტიკულობიდან გამომდინარე, მისი მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ რეკომენდებულია ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში. 

ექსპრეზიდენტი გლდანის N18 მსჯავრდებულთა საავადმყოფოში 8 ნოემბერს, შიმშილობის 39-ე დღეს გადაიყვანეს. კლინიკაში მისი გადაყვანის შესახებ არც მისი ადვოკატები და არც ოჯახის წევრები ინფორმირებულები არ ყოფილან. მეტიც, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას ვარაუდის გამოთქმიდან, რომ მისი შვილი ციხიდან გაყვანილია, ერთი საათის განმავლობაში არცერთი სახელმწიფო უწყება არ პასუხობდა კითხვას, სად არის მიხეილ სააკაშვილი. 

მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ ის გლდანის ციხის საავადმყოფოში მოტყუებით გადაიყვანეს, უთხრეს, რომ მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაჰყავდათ, როგორც ამას თავად ითხოვდა. სააკაშვილის თქმით, როდესაც მიხვდა, რომ გლდანის ციხესთან იყო, მანქანიდან არ გადმოდიოდა და სამართალდამცველებმა ის საავადმყოფოში ძალით შეიყვანეს. 

ამავდროულად მიხეილ სააკაშვილს პერმანენტულ რეჟიმში ესმის მისი მისამართით პატიმრების გინება. როგორც ამბობს, ეს ღამითაც გრძელდება. უკვე 49-ე დღეა, რაც მას შიმშილობა აქვს გამოცხადებული. 

11 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა მიმართვა გაავრცელა, რომელშიც წერს, რომ იგი შიმშილობას შეწყვეტს, თუ მულტიპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ.

10 ნოემბერს გამოქვეყნდა სტრასბურგის ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს დასკვნა დროებითი ზომის გამოყენების შესახებ. სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილს სტანდარტულად შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა, მთავრობას კი სააკაშვილის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ამასთან, სასამართლომ გადაწყვიტა, რომ მთავრობამ მას უნდა შეატყობინოს ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ასევე, ციხის საავადმყოფოში გაწეული სამედიცინო დახმარების შესახებ).

10 ნოემბერს საქალაქო სასამართლოში ექსპრეზიდენტის პირველი სასამართლო სხდომა გაიმართა მას შემდეგ, რაც ის საქართველოში დააპატიმრეს. მოთხოვნის მიუხედავად, პენიტენციურმა მას სხდომაზე დასწრების უფლება არ მისცა. სააკაშვილს სასამართლო სხდომაზე დასწრების უფლება არც 15 და 16 ნოემბერს გამართულ პროცესზე მისცეს.

კომენტარები