დაძაბულობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის

სომხეთი აზერბაიჯანთან შეტაკებებზე: რუსეთმა, შეთანხმებისამებრ, დაიცვას ჩვენი ტერიტორია

სომხეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივნის თქმით, ისინი რუსეთს, აზერბაიჯანთან სასაზღვრო შეტაკებების შემდეგ, სომხეთის ტერიტორიული მთლიანობის დაცვისთვის მიმართავენ. ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია ავრცელებს. 

"რადგან თავდასხმა სომხეთის სუვერენულ ტერიტორიაზე განხორციელდა, 1997 წლის შეთანხმების მიხედვით, ჩვენ მივმართავთ რუსეთის ფედერაციას მოწოდებით, დაიცვან სომხეთის ტერიტორიული მთლიანობა. ახლა მზადდება წერილობითი მიმართვა", – თქვა სომხეთის უსაფრთხოების საბჭოს მეთაურმა, არმენ გრიგორიანმა სომხეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში. 

მისი თქმით, სომხეთი იმედოვნებს, რომ რუსეთი ერევანს საკმარის სამხედრო დახმარებას გაუწევს, თუკი აზერბაიჯანთან მოლაპარაკებები წარუმატებლად დასრულდება.

1997 წლის 29 აგვისტოს რუსეთსა და სომხეთს შორის ხელი მოეწერა თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შეთანხმებას. მისი ვადა 25 წელია და ავტომატურად ხანგრძლივდება ამავე დროით, თუკი არც ერთი მხარე არ გამოთქვამს შეთანხმების შეწყვეტის სურვილს.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სახელმწიფო საზღვრის ტერიტორიაზე დღეს, 16 ნოემბერს შეტაკებები მოხდა. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ბრალდებით, სომხური მხარე სტრატეგიული მაღლობების დაკავებას ცდილობდა, თუმცა მიზნებს ვერ მიაღწიეს. მათივე ცნობით, პანიკაში ჩავარდნილმა მოწინააღმდეგეებმა პოსტები მიატოვეს.

სომხეთის თავდაცვის სამინსიტრომ დაადასტურა, რომ ორი საბრძოლო პოზიცია დაკარგეს. მათი თქმით ტყვედ ჩავარდა 12 სომეხი ჯარისკაცი და შესაძლოა 15 დაიღუპა.

კომენტარები