ტოლერანტობის ქომაგი

ტარიელ ნაკაიძეს ტოლერანტობის ქომაგის ჯილდო გადასცეს

პარლამენტის დეპუტატს, ტარიელ ნაკაიძეს ტოლერანტობის ქომაგის წოდება მიენიჭა. 

ნაკაიძეს ჯილდო სახალხო დამცველთან არსებულმა რელიგიურმა საბჭომ ტოლერანტობის კულტურაში შეტანილი გამორჩეული წვლილისთვის გადასცა. 

"მადლობა, რომ მომანიჭეს ტოლერანტობის ქომაგის წოდება, თუმცა როცა ქვეყანაში, მესამე პრეზიდენტს, არ აძლევენ სრულყოფილი მკურნალობის უფლებას. განსხვავებული ორიენტაციის ან რწმენის და იდეოლოგიის გამო შეიძლება ქუჩაში გაგისწორდნენ. სიცოცხლეს გამოგასალმონ იმის გამო, რომ ხარ ჟურნალისტი და აღბეჭდავ იმ მოვლენებს, რაც ქვეყანაში ხდება დ ამ ყველაფრის წინააღმდეგ ვერაფერს აკეთებ, ამ დროს ძალიან რთულია იამაყო ადამიანმა, რომ ხარ ტოლერანტობის ქომაგი. მე მინდა ვიცხოვრო ქვეყანაში, სადაც მრავალფეროვნება, განსხვავებული აზრი, განსხვავებული რწმენა, განსხვავებული ორიენტაცია, გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლება იქნება დაცული. მინდა ვიცხოვრო ქვეყანაში, სადაც ტოლერანტობის ქომაგს კი არ ირჩევენ, როგორც წამახალისებელ ტიტულს, არამედ ხელისუფალი იქნება სრული გარანტი, სრულფასოვნად და მტკიცედ დაიცვას საკუთარი მოქალაქის კონსტიტუციური უფლებები. მინდა ვიცხოვრო ქვეყანაში, სადაც პოლიტიკოსებს, განსაკუთრებით ხელისუფალნი არ მოექცევიან დომინანტთა გავლენების ქვეშ, არამედ ქომაგები იქნებიან დაჩაგრულების და დამცირებულების მიმართ. მინდა ვიცხოვრო ქვეყანაში, სადაც მთავარი პრიორიტეტი იქნება ადამიანი და მისი უფლებების დაცვა".- თქვა ნაკაიძემ სამადლობელ სიტყვაში. 

სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა და რელიგიათა საბჭოები ყოველწლიურად ირჩევენ მედიასაშუალებას, ორგანიზაციას, პიროვნებას და საჯარო მოხელეს, რომლებმაც მიმდინარე წლის განმავლობაში ხელი შეუწყვეს ქვეყანაში ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვას და ტოლერანტობის კულტურის დამკვიდრებას.

კომენტარები