ქალთა ფეხბურთი

PSG-ის ქალთა გუნდის ნახევარმცველი თანაგუნდელზე თავდასხმის დაგეგმვის ბრალდებით დააკავეს

პარი სენ-ჟერმენის ქალთა გუნდის ნახევარმცველი, ამინატა დიალო თანაგუნდელზე, ხეირა ჰამრაუიზე თავდასხმის დაგეგმვის ბრალდებით დააკავეს.

ფრანგული გამოცემის, L’Equipe-ის ინფორმაციით, 4 ნოემბერს, საფეხბურთო კლუბის მიერ პარიზის ერთ-ერთ რესტორანში გამართული ღონისძიების შემდეგ, ჰამრაუიმ ტერიტორია დიალოსთან და კიდევ ერთ თანაგულდენთან ერთად, დიალოს მანქანით დატოვა. ჰამრაუის სახლთან ახლოს კი მათ ორი ნიღბიანი მამაკაცი თავს დაესხა. ერთ-ერთმა ჰამრაუი, ძალის გამოყენებით, მანქანიდან გადმოიყვანა და შემდეგ მას ხელებსა და ფეხებში, რამდენიმე წუთის განმავლობაში, რკინის ძელი ურტყა. ამის შემდეგ, თავდამსხმელები ადგილიდან გაიქცნენ. ერთ-ერთი თვითმხილველის თქმით, თავდამსხმელებს ფეხბურთელები არ გაუძარცვავთ და მათ მიზანს მხოლოდ ჰამრაუის ფეხების დაზიანება წარმოადგენდა.

აღსანიშნავია, რომ დიალო და ჰამრაუი ერთსადაიმავე პოზიციაზე თამაშობენ და ერთმანეთის პირდაპირი კონკურენტები არიან. დაზიანებების გამო ჰამრაუიმ, გუშინ პსჟ-ისა და მადრიდის რეალს შორის გამართული ქალთა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩი გამოტოვა, მის ნაცვლად კი პარიზელთა ძირითად შემადგენლობაში სწორედ დიალომ ითამაშა.

დიალოს დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას საფეხბურთო კლუბი პარი სენ-ჟერმენიც ავრცელებს. მათი თქმით, კლუბმა ფეხბურთელების ჯანმრთელობისა და დაცულობის გარანტიისთვის ყველა საჭირო ნაბიჯი გადადგა და კლუბის წარმომადგენლები მიმდინარე გამოძიებას განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდებიან.

კომენტარები