კორონავირუსი საქართველოში

გაბუნია: ქუჩის აქციებზე არანაირი წესი დაცული არაა, ეს ყველაფერი კვებავს ეპიდემიას

რა თქმა უნდა, შემთხვევები მაღალი რჩება. მობილობაც ძალიან მაღალია ამ პირობებში და ინფექციის გავრცელების რისკი არსებობს [...] კლინიკები გადატვირთულია, 359 პაციენტი რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში და ახლა უკვე ვუყურებთ, რომ სიკვდილიანობის მაჩვენებელიც იზრდება. როგორც კი იწყება შემთხვევების მატება, ამას ორ კვირაში მოჰყვება გარდაცვალების მაჩვენებლების მატებაც. ჯერჯერობით ვრჩებით პროპორციულად 1,4% ლეტალობის მაჩვენებელზე, თუმცა, აბსოლუტურ ციფრებში ეს, რა თქმა უნდა, დიდი ტრაგედიაა.

მნიშვნელოვანია პრევენციული ზომები გავააქტიუროთ. პირბადის გამოყენების მაჩვენებელი, სამწუხაროდ, არ აღემატება 35%-ს. ასევე, არის რეგულაციების დარღვევა ყოველდღიურ ცხოვრებაშიც, ჩვენ ამას ვხედავთ, იგივე ქუჩის აქციებზე არანაირი წესი დაცული არაა, ეს ყველაფერი კვებავს ეპიდემიას. ჯანდაცვის სისტემა მობილიზებული რჩება. 60-65 ათასი აქტიური შემთხვევა დღის განმავლობაში შეიძლება ჯანდაცვის სექტორმა გაატაროს და გაუძლოს, თუმცა დაღლილობის ხარისხიც იზრდება. ბუნებრივია, ჩვენთვის მნიშვნელოვანია კიდევ უფრო მეტად ვაქცინაცია, განსაკუთრებით, 60 წლის ზემოთ ასაკის პირებში ვაქცინაცია, რათა სიკვდილიანობა შემცირდეს.

ამბობს ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, თამარ გაბუნია ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციაზე საუბრისას.

კომენტარები