მიხეილ სააკაშვილის დაკავება

საკვები დანამატები იუსტიციის სამინისტროსთან – დროას წევრები აქცია-პერფორმანსს მართავენ

ფორმულა

მოძრაობა დროას წევრები იუსტიციის სამინისტროსთან აქცია-პერფორმანსს მართავენ. მათ ადგილზე მიიტანეს საკვები დანამატები და მაგიდა წარწერით - რევოლუცია. 

ისინი პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ კადრებს აპროტესტებენ, სადაც ჩანს, რომ მოშიმშილე ექსპრეზიდენტი საკვებ დანამატებს იღებს. უწყების მტკიცებით ეს შიმშილობის დარღვევაა. 

"პერფორმანსი მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენი მთავარი მამოძრავებელი ძალა, რამაც დღეს აქ მოგვიყვანა არის ის კადრები, რომლებიც გაუვრცელეს მიხეილ სააკაშვილს, რომ ეს ადამიანი უბრალოდ იღებდა საკვებ დანამატებს. ეს არ არის საჭმელი. ჩვენ მივმართავთ იუსტიციის მინისტრს, პენიტენციურ სამსახურს, გამობრძანდნენ და ეს რაღაცა მიირთვან, რომელიც არც საჭმელია, უბრალოდ მინერალებით შედგენილი პიურეს სახე აქვს და აი ამისთვის ადამიანებს ეუბნებიან, რომ მიხეილ სააკაშვილი არ შიმშილობს და ჭამს. 

გამობრძანდნენ ეს ადამიანები და მიირთვან 1 კვირა და ვნახოთ, რა იქნება. ადამიანი როცა შიმშილობს 38-ე დღეა და უვრცელებენ ამ დამამცირებელ კადრებს, არის ამორალური. მე არც მიხეილ სააკაშვილის და მისი პარტიის მხარდამჭერი ვარ, უბრალოდ, ამაზრზენია რაც ხდება. არ შეიძლება ამ ქვეყნის მესამე პრეზიდენტს ვუყუროთ, როგორ კლავენ და როგორ აწამებენ". - ამბობს დროას წევრი, შუშანა მაცაბერიძე. 


ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან, პირველი ოქტომბრიდან შიმშილობს, თუმცა, იუსტიციის მინისტრის მტკიცებით, პატიმარი ფაფებს და ნატურალურ წვენებს იღებს. ამის დასადასტურებლად, პენიტენციურმა სამსახურმა გამოაქვეყნა ვიდეოები, სადაც ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილი სამედიცინო დახმარების ოთახში მინერალების შემცველ პიურეებს იღებს. ეს კადრების გასაჯაროებამდე სახალხო დამცველის განცხადებაშიც ეწერა, კერძოდ,  ომბუდსმენის ცნობით, "30 ოქტომბრიდან სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსისა და დაწესებულების სამედიცინო პერსონალის თხოვნით, სამედიცინო დანიშნულებით, მცირე ოდენობით, იღებდა წვენებსა და მინერალური შემცველობის პიურეებს. ამ პროდუქტს მას თავად სამედიცინო პერსონალი აწვდიდა, რომელთა განმარტებით, აღნიშნული ვერ შეფასდება, როგორც საკვები და მცირე დოზით, თხევადი სახით მათი მიღება განპირობებულია პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობით".

6 ნოემბრის დილით მიხეილ სააკაშვილმა განცხადება გაავრცელა, სადაც წერს, რომ სპეკულაციების თავიდან ასარიდებლად, უარი თქვა არამხოლოდ წვენზე, არამედ, "მინერალზე, ვიტამინზე (გლუკოზის აბებზე), რაც ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციების შენარჩუნებას ემსახურებოდა".

ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი ექსპრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვს - დროას ლიდერმა ელენე ხოშტარიამ და ჟურნალისტმა გიგლა თუმანიშვილმა ამის გამო შიმშილობაც დაიწყეს. პენიტენციური სამსახურის მტკიცებით კი, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია და მისი სტაციონარში მოთავსების აუცილებლობა არ დგას. ამასთან, ხელისუფლება აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში ექსპრეზიდენტს გლდანის ციხის საავადმყოფოში უმკურნალებენ, რაზეც მიხეილ სააკაშვილი უარს ამბობს.

კომენტარები