ჩეხეთი

ჩეხეთში, პრეზიდენტის ავადმყოფობის ფონზე, პარტიებმა კოალიციურ შეთანხმებას მიაღწიეს

პეტრ ფიალა 
The Guardian 

 

ცენტრისტმა და მემარჯვენე-ცენტრისტებმა პარტიებმა კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებისა და მისი მიზნების განსაზღვრაში შეთანხმებას მიაღწიეს, პარალელურად კი ჩეხეთის პრეზიდენტის მილოშ ზემანი კვლავ საავადმყოფოში რჩება.

ხუთი პარტიისგან შემდგარი კოალიცია მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას: ინფლაციის მაღალი მაჩვენებელი, მზარდი ვალი, ნავთობის ფასის არასტაბილურობა, კოვიდ პანდემიის ახალი ტალღა, მზარდი სამთავრობო ხარჯები - პენსიებისა და ხელფასების ზრდა.

კოალიციის განმარტებით, მათ სურთ ბიუჯეტის ცვლილება, რაც შეიძლება მომავალი წლის დასაწყისში დროებით ბიუჯეტად დამტკიცდეს. გასათვალისწინებელია, რომ საბიუჯეტო ცვლილებებისთვის კოალიციას დრო მხოლოდ წლის ბოლომდე აქვს.

სამოქალაქო დემოკრატების თავმჯდომარისა და დიდი ალბათობით - მომავალი პრემიერმინისტრის, პეტრ ფიალას, თქმით, სამშაბათს პარტიები შეთანხმდნენ ხარჯების გადანაწილებასა და სამთავრობო როლებზე, თუმცა შერჩეული კანდიდატები არ დაუსახელებია.

,,ჩვენ ვმუშაობდით მთელი დღე და, საბოლოოდ, წარმატებულად მივაღწიეთ შეთანხმებას”,- აღნიშნა პეტრ ფიალამ თორმეტსაათიანი მოლაპარაკების შემდეგ.

პარტიები ორ კოალიციაში გადანაწილდნენ: 200-დან 108 მანდატით ოპოზიციამ პრემიერ მინისტრი ანდრეი ბაბიშის პარტია 8-9 ოქტომბრის არჩევნებში დაამარცხა.

მილოშ ზემანი საავადმყოფოში 10 ოქტომბრის დილით პრემიერმინისტრ ანდრეი ბაბიშთან შეხვედრის შემდეგ მალევე გადაიყვანეს. პრეზიდენტსა და პრემიერმინისტრს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ახალი მთავრობს ფორმირებასთან დაკავშირებით უნდა დაეწყოთ მოლაპარაკებები.

შეთანხმების მიუხედავად, მთავრობის ფორმირება ისევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რადგან პრეზიდენტი მილოშ ზემანი კვლავ საავადმყოფოში რჩება. მისი ჯანმრთელობის შესახებ დამატებითი ინფორმაცია უცნობია. პეტრ ფიალას თქმით, მილოშ ზემანი, ინტენსიური მკურნალობის დასრულების შემდეგ, შესახვედრად მზადაა.

კომენტარები