არჩევნები 2021

ISFED: ვერ ვუკავშირდებით ქალს, ვინც ქუთაისში ოცნებისგან ბიულეტენების გაყალბებაზე საუბრობდა

მთავარი არხი

სამართლიანი არჩევნები (ISFED) ცნობით, ქუთაისში 90-ე უბნის რეგისტრატორ ქალს, რომელიც მმართველი გუნდის წარმომადგენლების მხრიდან, არჩევნების პერიოდში ზეწოლაზე და ბიულეტენების გაყალბებაზე საუბრობდა, ვერ უკავშირდებიან.

ორგანიზაციის ცნობით, საუბარია კომისიის რეგისტრატორ წევრზე, იზა ჩირგაძეზე, რომელმაც 1 ნოემბერს, კენჭისყრის დღეს, ქუთაისში #90 უბანში სხვისი პირადობის მოწმობით მისული ამომრჩევლები აღრიცხა და მათ ბიულეტენები არ გადასცა, რითაც არჩევნებში უკანონოდ მონაწილეობის საშუალება არ მისცა.

ამის შემდეგ, იზა ჩირგაძის ინფორმაციით, მას მმართველი პარტიის წარმომადგენელი უკავშირდებოდნენ და იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც არ იყვნენ  90-ე უბნის ამომრჩევლები, ბიულეტენების გადაცემას სთხოვდნენ.

იმავე დღეს, 1 ნოემბერს, სამართლიან არჩევნებს იზა ჩირგაძისათვის სამართლებრივი დახმარების გაწევის თხოვნით მომართა გირჩი - მეტი თავისუფლების წევრმა, ერთიანი ოპოზიციის ქუთაისის ვიცე-მერობის კანდიდატმა, იმედა კლდიაშვილმა.

ISFED-ში განმარტავენ, რომ ორგანიზაციის წარმომადგენელი მაშინვე დაუკავშირდნენ იზა ჩირგაძეს და 2 ნოემბერს "სამართლებრივი დახმარების საჭიროების ფარგლებისა და ინფორმაციის დაზუსტების მიზნით" შეუთანხმდა შეხვედრაზე, თუმცა, დღეს, დილიდან იზა ჩირგაძის საკონტაქტო ტელეფონის ნომერი გამორთულია და მასთან დაკავშირება ამ დრომდე ვერ ხერხდება.

"1 ნოემბერს, ღამის საათებში იმედა კლდიაშვილმა განაცხადა, რომ იზა ჩირგაძეზე სუს-ის მიერ განხორციელდა ზეწოლა, მას აუკრძალეს კავშირი ოპოზიციის წარმომადგენლებთან.  კლდიაშვილმა, პროტესტის ნიშნად, ავტომობილით ქუთაისში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესასვლელი გადაკეტა. სამართალდამცავებმა იგი დაუმორჩილებლობის გამო ძალის გამოყენებით, ადმინისტრაციული წესით დააკავეს

სამართლიანი არჩევნები მიიჩნევს, რომ ჩირგაძისა და მისი ოჯახის უსაფრთხოებაზე და ზეწოლისგან თავისუფალი გარემოს უზრუნველყოფაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრებათ სამართალდამცავ ორგანოებს. ამასთან, ორგანიზაცია მოუწოდებს შესაბამის უწყებებს დროულად გამოიძიონ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის მიერ გაჟღერებული დანაშაულის ნიშნების შემცველი ფაქტები და მიიღონ სათანადო და დროული ზომები იზა ჩირგაძეზე სავარაუდო ზეწოლის აღსაკვეთად. 

სამართლიანი არჩევნები კვლავაც მზადყოფნას გამოთქვამს ნებისმიერ დროს დაიცვას იზა ჩირგაძის უფლებები". – ვკითხულობთ ISFED-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამავე ამბავზე წერს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი და ქუთაისის მერობის კანდიდატი, ხატია დეკანოიძე.

"ძალიან ვნერვიულობ იზა ჩირგაძეზე. ეს ის ადამიანია, ვინც გაბედა და ჩვენთან მოვიდა შანტაჟის ფონზეც კი. გუშინ წავიდა სახლში, ბავშვები წაიყვანა და მას შემდეგ ვერსად ვიპოვე. ველაპარაკე სახალხო დამცველსაც, ავუხსენი ვითარება. თუ ვინმემ იცით, რომ კარგადაა პირადში მომწერეთ". – წერს დეკანოიძე საკუთარ Facebook გვერდზე.

კომენტარები