არჩევნები 2021

კარუსელი, ფულის დარიგება, დამკვირვებლების ხელშეშლა – დეკანოიძე ქუთაისში დარღვევებზე

ქუთაისში ოპოზიციის საერთო მერობის კანდიდატმა, ხატია დეკანოიძემ საგანგებო ბრიფინგზე ქუთაისში გამოვლენილ საარჩევნო დარღვევებზე ისაუბრა. დეკანოიძის თქმით, საარჩევნო პროცესის დაწყების შემდეგ გამოვლინდა დამკვირვებლების ხელშეშლის ფაქტები, კარუსელის მცდელობა, მოსყიდვა და სხვა დარღვევები. დეკანოიძის ცნობით, უბნებზე უკვე დაწერილია 10-მდე საჩივარი.

"დილიდან ქუთაისის პრაქტიკულად ყველა უბანზე ჩვენს დამკვირვებლებს შეექმნათ პრობლემები, ძალიან ბევრ დამკვირვებელს არ უშვებდნენ, მაგრამ განსაკუთრებული პრობლემები შეექმნათ რეგისტრატორების უკან დამკვირვებლების განლაგებასთან, რაც რეალურად არის სქემა, რომელსაც გაყალბებისთვის იყენებს ქართული ოცნება. რეგისტრატორების მაგიდების უკან, სადაც დამკვირვებლებს აქვთ უფლება, რომ დადგნენ და დააკვირდნენ პროცესს ვინაიდან ძალიან მასიური იყო ყალბი პირადობის მოწმობები პირველ ტურზე და ახლაც. ასევე ძალიან მასიური იყო პირადობის მოწმობების ჩამორთმევა, ამასთან დაკავშირებით ჩვენ მოგიწია ძალიან სერიოზული და მკაცრი რეაგირება, მათ შორის, საჩივრების დაწერა. ამ დროისთვის აკვირდებიან რეგისტრატორებს". – თქვა დეკანოიძემ.

მერობის კანდიდატის ცნობით, ქუთაისის მე-7 საარჩევნო უბანზე გამოვლინდა კარუსელის მცდელობის ფაქტი, რომელსაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დამკვირვებლებმა ხელი შეუშალეს.

"მე-7 საარჩევნო უბანზე იყო კარუსელის მცდელობა, ანუ მარკირებიანი მოქალაქე ცდილობდა მეორედ შესვლას. ჩვენმა დამკვირვებლებმა გამოავლინეს, ამის შემდეგ ამ ადამიანმა დატოვა უბანი, მაგრამ ეს ასევეა ის გაყალბების სქემა და მექანიზმი, რომლებსაც ადგილობრივად იყენებენ ქართული ოცნების წარმომადგენლები და კომისიის წევრები". – ამბობს დეკანოიძე.

მისივე თქმით, ქუთაისის მე-40 უბანზე ახლოს მდგარი ავტომობილიდან მოქალაქეებისთვის ფულის დარიგების ფაქტი გამოვლინდა, 51-ე და 101-ე უბნების შენობაში კი ქართული ოცნების კოორდინატორები იმყოფებოდნენ. დეკანოიძე ასევე საუბრობს სქემაზე, რომელშიც გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში მყოფ მოქალაქეებს იყენებენ,

"მე-17 უბანზე მივიდა მოქალაქე, რომელიც ასევე იყო გადასატანი ყუთის სიაში. ესეც გაყალბების ერთ-ერთი სქემაა, როდესაც ადამიანი არიან გადასატანი ყუთის სიაში, ხშირად ამ ადამიანებმა არ იციან, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ეს ადამიანები სრულიად ჯანმრთელები არიან და მიდიან ხმის მისაცემად ორჯერ". – თქვა დეკანოიძემ

საქართველოში 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. ყველა სიახლე არჩევნების მიმდინარეობისა და შედეგები შესახებ ნახეთ ტაბულას საარჩევნო პორტალზე – არჩევნები 2021.

კომენტარები