NATO-საქართველო

რასმუსენი: პოლიტიკური კრიზისი, შეიძლება, საქართველოს NATO-ს წევრობის წინააღმდეგ გამოიყენონ

ანდერს ფოგ რასმუსენი
VOICE OF AMERICA

NATO-ს ყოფილი გენერალური მდივნის ანდრეს ფონ რასმუსენის შეფასებით, პოლიტიკური კრიზისმა შეიძლება საფრთხე შეუქმნას საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას. ამის შესახებ რასმუსენი ამერიკის ხმას ესაუბრა.

"მიმდინარე პოლიტიკური კრიზისი შეიძლება NATO-ს იმ წევრებმა გამოიყენონ საქართველოს ალიანსში გაწევრიანების საწინააღმდეგოდ, რომლებიც უკვე სკეპტიკურად არიან განწყობილი. მათ შეუძლიათ შიდაპოლიტიკური დაპირისპირებები კიდევ ერთ დამატებით არგუმენტად გამოიყენონ იმისთვის, თუ რატომ არ უნდა მიიწვიონ საქართველო NATO-ში. ჩემი რჩევა, ცხადია ის არის, რომ მთავრობამ ქვეყანაში პოლიტიკურ სიტუაციის დასტაბილურება შეძლოს". – თქვა რასმუსენმა.

ალიანსის ყოფილი გენერალური მდივნის თქმით, დემოკრატიაში ყველამ უნდა სცეს პატივი მთავრობას, პარლამენტსა და სასამართლო სისტემას შორის ძალის გადანაწილებას, "წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს გარშემო ეჭვები მუდამ იარსებებს".

რასმუსენი ასევე უარყოფითად აფასებს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკავებას და იმედს გამოთქვამს, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი სამართლიანი იქნება.

"წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს მიმართ არა მხოლოდ კანონის უზენაესობის თვალსაზრისით, არამედ ზოგადად, ქვეყნის მდგომარეობის შესახებ ახალი კითხვები გაჩნდება." – თქვა რასმუსენმა.


საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან, უკვე 28-ე დღეა რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა მიხეილ სააკაშვილის მიღებისთვის პენიტენციური სისტემის N18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი შეამოწმა და განაცხადა, რომ დაწესებულებაში არსებული ვითარება, სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ 2021 წლის 23 ოქტომბრის დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით. მეორე მხრივ, იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძის თქმით, ექიმები ამბობენ, რომ ციხის საავადმყოფო სრულად გამართულია მიხეილ სააკაშვილის მისაღებად. მმართველი პარტია ამტკიცებს, რომ მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში მხოლოდ ციხის საავადმყოფოში გადაიყვანენ. 

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ნიკა გვარამიას თქმით, ციხის საავადმყოფო ექსპრეზიდენტის უსაფრთხოების მინიმალურ გარანტიასაც არ უზურნველყოფს და, მისი ინფორმაციით, იქნება ე.წ იმიტირებული ბუნტი, რომელიც დასრულდება სააკაშვილის ლიკვიდაციით.  

კომენტარები