ეკონომიკა

გვენეტაძე ინფლაციით მე-16 ადგილზე ყოფნაზე: დიახ, მაღალი ინფლაციაა, მაგრამ ამას აქვს წინაპირობა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე 27 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე საერთაშორისო სავალუტო ფონდის [IMF] ეკონომიკურ ანგარიშს გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, მაღალი ინფლაციის დონით საქართველო მსოფლიოში მე-16 ადგილზეა და მას მხოლოდ ისეთი ქვეყნები უსწრებენ, როგორებიცაა: ვენესუელა, სუდანი, სურინამე იემენი და ზიმბაბვე. 

შეგახსენებთ, რომ მაღალი ინფლაციის დონე ნეგატიური ეკონომიკური მაჩვენებელია, რომლის ზრდა ქვეყანაში სამომხმარებლო ფასების მატებას, ანუ საქონლისა და სერვისების გაძვირებას და ეროვნული ვალუტის მსყიდველობითუნარიანობის შემცირებას გულისხმობს. 

სებ-ის პრეზიდენტის აღიარებს, რომ საქართველოში მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ინფლაციაა, თუმცა ის ამ ფაქტის გარკვეული "წინაპირობებით" ახსნას ცდილობს. 

"არის ხოლმე კომენტარი, რომ საქართველოში ინფლაცია ერთ-ერთი ყველაზე მაღალია და რეგიონში თურქეთის შემდეგ, მეორე ადგილზეა, ხოლო მსოფლიოში მაღალ ინფლაციებს შორის მეთექვსმეტე ადგილზეა, მაგრამ მათ საყურადღებოდ, ვისაც ეს სტატისტიკა მოჰყავს, მათ ასევე უნდა გაითვალისწინონ ის, რომ საქართველო არის ტურიზმზე დამოკიდებული ქვეყანა და ტურიზმზე დამოკიდებული ქვეყნები იმის გამო, რომ პანდემიამ მობილობა სრულიად შეზღუდა, უფრო მეტად დაზარალდნენ, ვიდრე არატურისტული ქვეყნები. 

თუ 2019 წელს ტურიზმის კონტრიბუცია მშპ-ში დაახლოებით 12% იყო, ეს 2020 წელს 2%-მდე შემცირდა, შესაბამისად საქართველოსთვის ეს შოკი არის უფრო მაღალი, სხვა ქვეყნებთან შედარებით. 

ამავე დროს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოში ფისკალური დეფიციტი 9%-ზე მეტი იყო 2020 წელს, წელსაც საკმაოდ მაღლა ნარჩუნდება და აქედან გამომდინარე, როდესაც ვამბობთ, რომ ერთ-ერთი მაღალი ინფლაციაა, დიახ, არის მაღალი, მაგრამ ამას აქვს წინაპირობა". – ამბობს გვენეტაძე.

2021 წელს საქართველოში ინფლაციის დონემ ბოლო ათი წლის რეკორდულ ნიშნულს გადააჭარბა და სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, სექტემბერში მაჩვენებელმა 12.3% შეადგინა

ინფლაციის ზრდის შედეგად გაძვირებულ პროდუქტებს შორისაა: ზეთი (40%), ბოსტნეული (38%), რძე, ყველი და კვერცხი (17%), ტკბილეული (16%) და პური (13%). 

IMF-ის ვარაუდით, საქართველოში ინფლაციის მაჩვენებელი ზრდას განაგრძობს და 2021 წლის ბოლოს 13.1%-იან ნიშნულს მიაღწევს. 

საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, წლის ბოლოს მსოფლიოში ყველაზე მაღალი ინფლაცია შემდეგ ქვეყნებში იქნება:

  1. ვენესუელა - 2 700%;
  2. სუდანი - 115.5%;
  3. სურინამი - 48.6%;
  4. იემენი - 45%;
  5. ზიმბაბვე - 41%;
  6. ირანი - 30%;
  7. ზამბია - 23.2%;
  8. ანგოლა - 22%;
  9. ლიბია - 21.1%;
  10. თურქეთი - 16.7%;
  11. თურქმენეთი - 16%;
  12. კომორი  - 15.6%;
  13. ნიგერია - 15%;
  14. ჰაიტი - 15%;
  15. სიერა ლეონე - 14.6%;
  16. საქართველო - 13.1%.

ინფლაციის მაჩვენებელი გავლენას ახდენს საშუალო ხელფასსა და საარსებო მინიმუმზე. 2021 წელს ორივე მაჩვენებელმა რეკორდულად მაღალ ნიშნულს მიაღწია, თუმცა გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ლარის გაუფასურებისა და მაღალი ინფლაციის ფონზე, ნომინალური ხელფასი რეალურად დოლარში არათუ გაზრდილია, არამედ შემცირებულია

საარსებო მინიმუმის ზრდა კი იმაზე მიუთითებს, რომ ქვეყანაში ცხოვრება ძვირდება და მოსახლეობას არსებობისათვის აუცილებელი პროდუქტებისა და სერვისების შესაძენად მეტი თანხა სჭირდება, ვიდრე ეს წარსულში იყო საჭირო.  


ნომინალური საშუალო ხელფასი თითქმის ყოველწლიურად იზრდება, რასაც მთავრობის წევრები დიდ წარმატებად მიიჩნევენ. მიუხედავად ამისა, მოსახლეობისთვის გაუგებარია, როგორაა შესაძლებელი ხელფასი ყოველწლიურად იზრდებოდეს, თუმცა ცხოვრების დონე არ უმჯობესდებოდეს.

კომენტარები